ივანე მერაბიშვილის ადვოკატი - მირზა სუბელიანს ბრალი უნდა წარედგინოს 
ივანე მერაბიშვილის ადვოკატი - მირზა სუბელიანს ბრალი უნდა წარედგინოს 

ყოფილი პრემიერ და შს მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ივანე მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანის ინფორმაცია ადასტურებს, რომ 2013 წელს მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერი გამოძიების საგანი უნდა გახდეს და მირზა სუბელიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„რაც შეეხება მერაბიშვილის შესახებ სუბელიანის ინფორმაციას, ეს ადასტურებს, რომ მერაბიშვილი 2013 წლის 14 დეკემბერს მიიყვანეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან, რომელიც მესამე პრეზიდენტზე ინფორმაციას სთხოვდა. ეს სტრასბურგმაც დააფიქსირა, მე-18 მუხლის დარღვევით, უთხრა ხელისუფლებას, რომ მას პოლიტპატიმარი ჰყავს. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი. სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის ვანო მერაბიშვილის საქმის დალაგებაში მონაწილეობდა. მისმა ბიჭებმა შეასრულეს. ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო და ყველა გაფრთხილებული იყო, ფაქტები დაემალათ. მოვისმინეთ მირზა სუბელიანისგან, რომ ის ამის შემსრულებელია, აუცილებლად ბრალი უნდა წაეყენოს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.