დავით ჭიჭინაძე - დეპუტატს ამომრჩეველი ოთხ წელიწადში ერთხელ აფასებს, მაგრამ ჩვენნაირი პარლამენტის შემთხვევაში შეიძლება, უფრო ადრეც შეაფასოს
უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს კითხვით მიმართავს, არის თუ არა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში, ეთიკის შესახებ ჩანაწერში საუბარი დეპუტატის ვარცხნილობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილება. ცვლილებების არსს დეპუტატებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს.
„ერთი კითხვა მაქვს ქალბატონო თამარ, შედის თუ არა თმის ვარცხნილობა იმ გარე სახეში, რაც აქ გაქვთ ჩაწერილი? რადგან ვიცი, რომ ბევრი პოლიტიკოსი, ზოგი ჩაცმულობით, ზოგი თმის ვარცხნილობით იღებს საზოგადოების მხარდაჭერას“, – მიმართა ჩუგოშვილს ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, პროტოკოლში ვარცხნილობის საკითხიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონსონი გამოირჩეოდა თავისი ექსტრავანგატულობით, უნდა ავუკრძალოთ ასეთ ადამიანს ჩვენთან პარლამენტში ყოფნა? მგონი, არა“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო დაპირებების საკითხი და ის, თუ რომელ საკანონმდებლო აქტში უნდა იყოს მათი არშესრულება ასახული.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეთიკაზე და გვავიწყდება ჩვენი საარჩევნო დაპირებები. საარჩევნო დაპირებების არშესრულება სად უნდა იყოს ასახული, რომელ კანონში, უნდა გვქონდეს თუ არა ის დაპირება, რომელიც 2012 წელს გავეცით, დეპუტატის გამოძახების უფლება. რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამისკენ ვინმე მიისწრაფოდეს. ამ ყველაფერს გვერდი ავუარეთ“, – აღნიშნა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა.
ამასთან, ჭიჭინაძეს აინტერესებს, ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანმა როგორც უნდა იხელმძღვანელოს იმ პირების მხარდაჭერილი ეთიკის კანონით, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რამდენიმე პარტია შეიცვალეს.
„კიდევ ერთი რამ მაინტერესებს – ადამიანებმა, რომლებმაც თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე რამდენიმე პარტია გამოიცვალეს და ასე ეცვლებათ მსოფლმხედველობა, ისინი რომ ეთიკის კანონს დაუჭერენ მხარს, იმ ეთიკით როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრაქტიკულად რაღაც პოლიტიკური მრწამსი ჩამოყალიბებული“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატის შეფასებით, იზღუდებიან საპარლამენტო ფრაქციები და იზღუდება დეპუტატთა გამოსვლები.
„ზღუდავთ ფრაქციებს, ზღუდავთ ყველაფერს, გამოსვლებს, ლაპარაკს, გინდათ დეპუტატების უფროსები იყოთ“, – მიმართა თამარ ჩუგოშვილს დავით ჭიჭინაძემ.
სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არც ერთი ფრაქცია არ არის შეზღუდული და ამ შენიშვნას ვერ მიიღებს.
„შენიშვნებს ვერ მივიღებ, თუ ტყუილია. არავინ არსად შეგვიზღუდავს, არც ერთი ფრაქცია არ არის შეზღუდული, ან კონკრეტულად მუხლი წამიკითხეთ, სად და ვის ვზღუდავ, ან ვერ მივიღებ ამ შენიშვნას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დავით ჭიჭინაძემ ფრაქციების შეზღუდვის მაგალითად მინისტრების მოწვევის საკითხი დაასახელა.
„თქვენ უზღუდავთ ფრაქციას თუნდაც მინისტრის მოწვევას . ფრაქცია არის პოლიტიკური პარტია და ეს არის პოლიტიკოსების ადგილი და არა ტექნოკრატების. შემოვიდა პოლიტიკური პარტია, რას ნიშნავს თქვენ ბლოკები არ გინდათ, ყველაფერი არეულია, გინდათ რაღაც შეზღუდოთ, პირდაპირ თქვით, რას ზღუდავთ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისი შეფასებით, დეპუტატი არის თავისუფალი. ჭიჭინაძემ კოლეგებს საარჩევნო დაპირებებზე აქცენტირება და ამ დაპირებების შესრულებაზე ზრუნვა ურჩია.
„მე გეუბნებით, დეპუტატი არის თავისუფალი, უბრალოდ, დეპუტატს ზღუდავს თავისი ამომრჩეველი, 4 წელიწადში ერთხელ აფასებს, მაგრამ ჩვენნაირი პარლამენტის შემთხვევაში, შეიძლება უფრო ადრეც შეაფასოს ჩვენმა ამომრჩეველმა. ამიტომ ამას კი ნუ აქცევთ ყურადღებას, მოსახლეობისთვის მიცემული საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე ვიზრუნოთ. ეთიკის კოდექსით კი, თუ საარჩევნო დაპირებას არ ვასრულებთ, ხდებოდეს დაჯარიმება, დაქვითვა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით, ეთიკის საბჭო პოლიტიკური პარტიების კვოტებით დაკომპლექტდება და კანონმდებელთა მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე იმსჯელებს, გათვალისწინებულია სანქციებიც.