საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები ახლებურად განისაზღვრება
საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები ახლებურად განისაზღვრება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილებები კომიტეტის წევრებს გურამ მაჭარაშვილმა გააცნო.

მისი განმარტებით, დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით შესაძლებელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაშიც და საპარლამენტო ოპოზიციაშიც გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია, ანდა უფრაქციო წევრები, რომელთათვისაც შესაბამისი კვოტები უზრუნველყოფილი არ არის.

მისი თქმით, შექმნილი გამოწვევის გათვალისწინებით იხვეწება რამდენიმე პროცედურული საკითხი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც, საპარლამენტო კომიტეტებში, კომისიებსა და საბჭოებში პოლიტიკურ სუბიექტთა წარმომადგენლობის უკეთ უზრუნველსაყოფად კვოტები იცვლება.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.