ლიტვაში მიიღეს კანონი, რომელიც მასშტაბურ კორუფციასა და ადამიანების უფლებების დარღვევაში მხილებულ უცხოელებს ქვეყანაში ჩასვლას უკრძალავს. დეპუტატებმა ახალ რეგულაციას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კანონში ნათქვამია, რომ პირს, რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ ჩადენილ მძიმე დანაშაულთან, კორუფციასთან, ან შეყვანილია ევროკავშირის არასასურველ პირთა სიაში, ლიტვის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლოა ხუთი წლით აეკრძალოს.
ახალი კანონი ლიტვაში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების დღეს მიიღეს. ახალი რეგულაციის დამტკიცება ლიტვაში რუსეთის ელჩმა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ლიტვის მხრიდან მორიგ არამეგობრულ ნაბიჯზე, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს და ლიტვიდან რუსეთში ჩასვლას რამდენიმე პირს აუკრძალავს”.
ლიტვა მეოთხე ქვეყანაა, სადაც” მაგნიტსკის კანონი” და მისი მსგავსი რეგულაციები ამოქმედდება. ასეთი რეგულაციები დაამტკიცეს აშშ-ში, კანადასა და ესტონეთში.