ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა
ვაქცინაცია გეოპოლიტიკური გამოწვევა ხდება და ასეთ ვითარებაში არ შეიძლება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დავიწყება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლიეტუვურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროგრამა არის გეოპოლიიტკური გამოწვევა და 12 სხვა კოლეგასთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას წინადადებით, შეიყვანონ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორები: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ასევე ბელარუსი ვაქცინაციის პროგრამაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრის დაწყების საკითხზე კომენტირებისას გააკეთა. მან იმედგაცრუება გამოხატა, რომ ევროპა ჯერჯერობით თავად განიცდის სირთულეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ როდესაც კონტრაქტები გაფორმდება და ევროპაში საჭირო რაოდენობის მოქალაქეები აიცრებიან, ევროპამ უნდა იზრუნოს სხვა სახელმწიფოების დახმარებაზე.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპა ვაქცინების საჭირო რაოდენობას მიიღებს, მნიშვნელოვანია, ევროპამ იზრუნოს სხვა სახელმწიფოების დახმარებაზე.
იანვარში ლიეტუვამ და ევროკავშირის 12 ქვეყანამ ბრიუსელს მოუწოდეს, „აღმოსავლეთ პარტნიორებს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მოპოვებაში დაეხმაროს.