ლიბიის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილის დაკავების განკარგულება გასცა
ლიბიის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამ კადაფის დაკავების განკარგულება გასცა.
კადაფის შვილს რუს დაქირავებულ მებრძოლებთან კავშირებში ადანაშაულებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მანამდე „ბიბისის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები დაკავშირებულები არიან ლიბიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, რასაც ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ.
რუსი მებრძოლები ლიბიაში პირველად 2019 წელს გამოჩნდნენ. ისინი მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარის სამხედროებს შეუერთნდნენ და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის სამხედრო ძალებს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი 2020 წლის ოქტომბერში ზავით დასრულდა.
„ბიბისის“ მიერ ჩატარებული გამოძიების დროს ლიბიის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფის შვილს ახლო კავშირები აქვს კრემლთან და სეიფ-ალ ისლამი ლიბიის მმართველის თანამდებობზე „რუსეთის მთავარი ფავორიტი“ იყო.