ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული ხალიფა ჰაფტარის დაკავების განკარგულება გასცა
ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული ხალიფა ჰაფტარის დაკავების განკარგულება გასცა. ქვეყნის ეროვნული არმიის გენერალს დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტზე საჰაერო თავდასხმაში ადანაშაულებენ.
გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის განმარტებით, ავიაიერიშში ხალიფა ჰაფტართან ერთად მის დაქვემდებარებაში მყოფი ექვსი პირიც არის გარეული.
პარალელურად, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება კვლავ ვერ მოახერხა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა დიდი ბრიტანეთის შეთავაზებული რეზოლუცია უარყვეს. რუსეთისთვის მიზეზი დაპირისპირების განახლებაში პასუხისმგებლობის გენერალ ხალიფა ჰაფტარზე დაკისრება იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი რეზოლუციის უარყოფის მიზეზი არ დაუსახელებია.
ლიბიის ეროვნული არმიის ლიდერმა, ამბოხებულმა ხალიფა ჰაფტარმა ტრიპოლიზე იერიშის დაწყების შესახებ აპრილის დასაწყისში განაცხადა. დედაქალაქში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობა იმყოფება. მას შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რასაც უკვე ასობით ადამიანი შეეწირა. მათგან რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქეა.