ლიბიიდან ორი ქართველი მეზღვაური საქართველოში დღეს გამოემგზავრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი თქმით, ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე გაუსვლელობის პირობით გააჩერეს.
„ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ქალაქ მისურატში იმყოფებოდნენ, თავისუფლების შეზღუდვის გარკვეული პირობები ჰქონდათ, ანუ გაუსვლელობის პირობით იმყოფებოდნენ. წლის დასაწყისში იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი მეზღვაური დავით რაზმაძე, რომლის საქმეზეც ლიბიურმა მხარემ დაიწყო გამოძიება. ამიტომ გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.
გუშინ გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლებულიყვნენ, ანუ შეზღუდვა მოეხსნათ. ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში და უახლოეს მომავალში აქ იქნებიან. საგარეო უწყებამ, ჩვენმა საელჩოებმა როგორც ეგვიპტეში, ისე თურქეთში, ძალიან შრომატევადი სამუშაო გაწიეს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პირობები უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ადვოკატი,სამართლებრივი და საკონსულო დაცვა“, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.
გამოძიება ლიბიაში ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს.