ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ახლობლები დაღუპულის გადმოსვენებას ითხოვენ
ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ახლობლები დაღუპულის გადმოსვენებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დაპირების მიუხედავად, 40 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფომ გადმოსვენების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.
„სახელმწიფო უწყებებიდან კონტაქტზე ყოველდღიურად გამოდიან, გვირეკავენ. საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, მაგრამ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ მიდის მოლაპარაკება. არც ექსპერტიზის პასუხი არ არის ჯერჯერობით, არც არაფერი ვიცით საერთოდ. სრულ გაურკვევლობაში ვართ. უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ყველაფერი. 42 დღეზე მეტი გავიდა გარდაცვალებიდან და აქამდე ვერ მოხერხდა გადმოსვენება“, – ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა ნინო ლაბაძე.
ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში (Misurata) იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი 7 იანვარს მოხდა, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.
დავით რაზმაძე გორის მკვიდრია. ის დროებით ბათუმში ბიძასთან ცხოვრობდა. დედა თურქეთში მუშაობს, მამა კი გარდაცვლილია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული და უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე დასტირის გორის დაბომბვისას დაღუპულ ძმას. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს გარდაიცვალა.