ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოსგან სწრაფ რეაგირებას და დახმარებას ითხოვს. ახლობლები ახალ დეტალებზე ჰყვებიან. დავით რაზმაძის ახლობლები ამბობენ, რომ მეზღვაური ხომალდიდან 7 იანვარს გაუჩინარდა, ოჯახს კი მომხდარის შესახებ ერთი კვირის შემდეგ აცნობეს.

„ის 7 იანვარს, 12:00 საათზე გავიდა პოსტზე, 04:00 საათზე მასთან შემცვლელი მივიდა, მაგრამ რაზმაძე ადგილზე არ დახვდა. კომპანიაში არ აფიქსირებენ, რომ გემიდან გავიდა, თუმცა, ფაქტია, რომ არც გემზეა. ხომალდზე ქართველებიც არიან, ვეხმიანებით. როგორც მითხრეს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის კაპიტანთან. ვფიქრობთ, რომ ჩავიდა გემიდან და დააპატიმრეს. ველოდებით შემდეგ ინფორმაციას, გამოსასყიდ თანხას და ა.შ. ყველა ნივთი ადგილზეა, ტელეფონიც. მე 6 იანვარს ვესაუბრე, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონდა. ის ნაოსნობაში მეოთხედ წავიდა, თურქული კომპანიით. დავით რაზმაძის მამა არის ზაზა რაზმაძე, აგვისტოს ომის დროს ცნობილი კადრი რომ იყო, ძმა ძმას რომ გლოვობს, დაღუპულის შვილია“, – განაცხადა დავით რაზმაძის ბიცოლამ, ნინო ლაბაძემ.

ქართველი მეზღვაურის ბებიის, მედეა ცეცხლაძის თქმით, ოჯახისთვის უცნობია, რა მოხდა.

„ბავშვი არ იყო აზარტული, არც ნერვიული, არც მსმელი. ძალიან ჩამოყალიბებული იყო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასე საცოდავად გაზრდილი ბავშვი მოვძებნოთ. მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა თურქეთშია გათხოვილი. ვითხოვთ, დაგვეხმარონ, სწრაფი რეაგირება მოხდეს და გვითხრან, ბავშვი სად გაუჩინარდა. ხან რას ამბობენ, ხან რას. მინდა, რომ ცოცხალი იყოს. ის არსად წავიდოდა“, – განაცხადა მედეა ცეცხლაძემ.

ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელის დასადგენად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. ორი კვირაა, რაც მან ოჯახთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო. მიმდინარეობს დაკარგულის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოები.