ვლადიმერ კონსტანტინიდი - მივეცით ინსტრუქცია ჩვენს მისიებს სტამბოლსა და ეგვიპტეში, რათა სრული კოორდინაცია გვქონდეს მეზღვაურის სამძებრო სამუშაოების დროს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - მივეცით ინსტრუქცია ჩვენს მისიებს სტამბოლსა და ეგვიპტეში, რათა სრული კოორდინაცია გვქონდეს მეზღვაურის სამძებრო სამუშაოების დროს

მეზღვაურის ოჯახისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყონებლივ მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს მისიებს, როგორც სტამბოლში, ისე ეგვიპტეში, – ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ​განუცხადა.

„რამდენიმე დღის წინ დაკარგულის ოჯახის წევრებისაგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მეზღვაური დავით რაზმაძე უკვე დიდი ხანია, კონტაქტზე არ გამოსულა და მისმა თანამშრომლებმა, ქართველმა მეზღვაურებმა, რომლებიც გემზე იმყოფებიან, ოჯახს აცნობეს, რომ მოხდა მეზღვაურის გემიდან გაუჩინარება. დაუყონებლივ მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს მისიებს, როგორც სტამბოლში, ისე ეგვიპტეში. მოგეხსენებათ, საქართველო ლიბიას ფარავს ეგვიპტიდან და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არის თურქული, შესაბამისი ინსტრუქცია მიიღო ჩვენმა გენერალურმა საკონსულომაც სტამბოლში, რათა სრული კოორდინაცია გვქონდეს სამძებრო სამუშაოების დროს“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან ერთად, კომუნიკაცია ჰქონდა გემზე მყოფ ქართველ მეზღვაურებთან.

„ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს, საზღვაო სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან ერთად, გვქონდა გემზე მყოფ ქართველ მეზღვაურებთან კომუნიკაცია და ვიცით, რომ ხვალ კომპანიის წარმომადგენელი აპირებს ლიბიაში გამგზავრებას და ადგილზე გაერკვევა ვითარებაში. ამ დროის ინფორმაციით ვიცით, რომ მეზღვაური გემზე იყო მორიგე და როდესაც მისი შემცვლელი გამოცხადდა, მეზღვაური გემბანზე არ დახვდა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მეზღვაურის გაუჩინარების ვერსიებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, შესაბამის ორგანოებთან ერთად, დაიწყება საქმის მოკვლევა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა მოხდა ლიბიაში.

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. ორი კვირაა, რაც მან ოჯახთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო. მიმდინარეობს დაკარგულის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოები.