ლიბანის პრემიერ-მინისტრი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისისთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰარირის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე ჰარირი პარიზში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან.
პარიზში მან განაცხადა, რომ ოთხშაბათს ლიბანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად აპირებს ჩასვლას.
კაიროს აეროპორტში ჰარირის ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრი, ლიბანის ელჩი ეგვიპტეში და ეგვიპტის ელჩი ბეირუთში დახვდნენ. ლიბანის პრემიერი ჩასვლისთანავე პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრა.
ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ჰარირის გადადგომის აღიარებაზე უარს ამბობს, სანამ ის ქვეყანაში არ დაბრუნდება. მანამდე აუნი აცხადებდა, რომ ჰარირი ერ-რიადის ტყვეობაში იყო და განცხადებაც მათი ზემოქმედების ქვეშ გააკეთა.
ჰარირიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ერ-რიადში მისი ყოფნის მიზეზი ლიბანის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისა და გარემომცველ არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის დარეგულირების გზების ძიება იყო.
კვირას, არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები კაიროში საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომლის ორგანიზატორიც საუდის არაბეთი იყო. შეხვედრაზე რეგიონში ირანისა და ჰეზბოლას როლის შესუსტების საკითხი განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებაში მინისტრებმა ჰეზბოლას არაბულ ქვეყნებში ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. შეხვედრას არ დასწრებია ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი.