ლევან ყენია ვერ ასახელებს დროს, როდის შეძლებს თამაშს. ორი წელია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ტრავმის გამო, მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს – 2017 წლის ზაფხულში პრაღის “სლავიადან” თბილისის “ლოკომოტივში” გადასულ 27 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში დღემდე ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
„ჩეხეთში კარგად ვერ მიმკურნალეს და დრო ამიტომ გამეწელა. იყო პერიოდი, როდესაც თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი და მეგონა, მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ მერე გაუმჯობესება ვერ ვიგრძენი და ამან ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. ტრავმა იმდენჯერ გადავიტანე, ძალიან ვფრთხილობ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ექიმები შემოვიარე და ზუსტად ვერავინ მეუბნება, კონკრეტულად რა მჭირს. ამიტომაა, მოედანზე დაბრუნების ზუსტ ვადას ვერ ვამბობ და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად მოქმედებს” – ამბობს ლევან ყენია.