ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება
ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველმა არხმა გაარკვია, გამოკითხვაზე გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებსაც ელოდებიან.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ვერის ბაღში პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ფალავანდიშვილებისთვის გამოკითხვაზე დაბარების უწყება უნდა გადაეცათ, თუმცა ამ დროისთვის ფალავანდიშვილები ვერის ბაღში არ აღმოჩნდნენ.

საქმე ეხება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინ, ვერის ბაღში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული“,- განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ვასაძემ პოლიციელებს მიმართა – „რაც გააკეთეთ კანცელარიასთან, აღარ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ“.