ლევან ვასაძე - ვისაც უნდა დატოვოს აქცია, ვისაც უნდა დარჩეს, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები
მეკითხებიან როგორ გაგრძელდება აქცია, გაგრძელდება ისე, როგორც ხალხს უნდა, ვისაც უნდა დატოვოს აქცია, ვისაც უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ვასაძემ დღეს განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ აჩვენა „უდიდესი გამოღვიძება“.
„დღეს საოცარი დღე იყო, ვერის ბაღში დავიწყეთ ასი კაცით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ უამრავი ხალხი მოვიდოდა და ასევ მოხდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ როგორც არანაირი პრაიდი არ ჩატარდა ივნისში, არ ჩატარდებოდა დღეს და ასე იქნება ყოველთვის.
ის სიმშვიდე და ცივილიზებულება, რომელიც აქ შეკრებილმა საზოგადოებამ გამოავლინა, ჩემი აზრით, არის უდიდესი გამოღვიძების დასაწყისი. არასოდეს ეროვნული მოძრაობის მკვლელობის მერე, რომელიც ხელოვნურად მოხდა, აქ ერი ასე არ დამდგარა. იყო რაღაც პოლიტიკური აქციები, მაგრამ ისე, რომ აპოლიტიკური აქციები, ხალხი გულის ძახილით მოსულიყო ღირებულებების დასაცავად ასეთი რაოდენობით, მე არ მახსოვს.
ეს ეროვნული მუხტი არის ჩემთვის გულისამაჩუყებელი საჩუქარი. მე არ მიმაჩნია ეს ჩემს აქციად. ღმერთმა დამიფაროს, ეს იყო თითოეული ჩვენგანის ერთობლივი მოქმედება. მე ვიცი, რომ ზოგიერთი ამისთვის დაგვცინებს, მაგრამ, ჩემი რწმენით, ეს იყო უფლის საჩუქარი. მთელი გულით ვგრძნობ ამ სიკეთეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძის თქმით, მათსა და ანტისაოკუპაციო აქციის წევრებს შორის განსხვავება არის მხოლოდ გამოხატვის ფორმებში, შესაბამისად, მათ მიმართ არ აქვთ აგრესია.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მეორე მხარეს ხმაურობენ. ჩვენ ვთქვით, რომ არავითარი აგრესია მათ მიმართ არ გვაქვს. ვთქვით, რომ თუ ის ხალხი აპროტესტებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას, მობრძანდნენ და დადგნენ ჩვენთან და გააპროტესტონ და არავითარი განსხვავება ჩვენსა და მათ შორის არ არის, უბრალოდ, გამოხატვის ფორმები გვაქვს განსხვავებული. როდესაც ჩვენ მათ ვეკითხებით – თქვენ გინდათ რომ საქართველოში იყოს უზნეობა, ისინი ჩუმდებიან. ჩვენ მზად ვიყავით ეს ხალხი აქ მოსულიყო.
ჩემი რელიგია არ არის ამ კიბეებზე ვინმეს არ მოშვება, ჩემი რელიგია არის ქრისტიანობა. რატომღაც, ჩვენი სახელმწიფოს ძალოვანმა უწყებებმა გადაწყვიტეს, ის ხალხი აქ არ შემოეშვათ. ეტყობა, რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ, პროვოკაციას მოაწყობდნენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, აქციაზე დარჩება ის, ვისაც ამის სურვილი აქვს და არანაირი იძულება არ არის. ამასთან ლევან ვასაძის თქმით, დღეს ლიბერალური იდეოლოგია „წელში გადატყდა“.
„როდესაც მეკითხებიან, თუ რა მოხდება, ვპასუხობ, რომ მე არ ვარ არც გენერალი, არც პრეზიდენტი, არც აქაურობის ხელმძღვანელი. მე ვარ მონაწილე. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვართ სექტა, არ ვართ მანიაკები და რობოტები, რომლებიც მესიჯბოქსიდან ვიმართებით, ჩვენ არ ვართ კრებული ადამიანების, ვინც აგინებს ეკლესიას და სამღვდელოებას. ჩვენ ვართ პიროვნებები, პატრიოტები, რომელსაც გვაქვს თავისუფალი ნება.
ვინც აქედან წავიდა ამ საათებში, არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე ნაკლები ვაჟკაცია. ვინც დაიღალა, ვისაც უნდა წავიდეს. ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს, დარჩეს. ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, ნაციონალების სექტა და ფაშისტების სექტა. ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები. ამიტომ ნურაფრის შეგვეშინდება და შეგვრცხვება, ვისაც უნდა იყოს, ვისაც უნდა წავიდეს. მეკითხებიან, როგორ გაგრძელდება? როგორ და როგორც ხალხს უნდა. ვინც მე არ მეთანხმება, ამბობს, რომ აქაურობის მბრძანებელია, მოვიდეს და გვითხრას, რა უნდა და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. არავითარი შიში, რომ ვაიმე, რა ვქნათ, არ იქნება.
დღეს ლიბერალური იდეოლოგია პრაქტიკულად წელში გადატყდა. როცა ამოდენა საჩუქარს მოგცემს ღმერთი, შენ ეს საჩუქარი გამოართვა, ზურგს უკან დამალო და წუწუნი დაუწყო, ხვალ რა იქნებაო, შეცდომაა და ნუ დავუშვებთ ამ შეცდომას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.