ლევან ვასაძე - საშინაო პოლიტიკაში ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ხელი რასაც არ უნდა მოკიდო, ნებისმიერი ცვლილება უკვე გამოსწორებას ნიშნავს
ლევან ვასაძე - საშინაო პოლიტიკაში ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ხელი რასაც არ უნდა მოკიდო, ნებისმიერი ცვლილება უკვე გამოსწორებას ნიშნავს

ერეკლე მეფეს ჰკითხეს, ბრძოლა რა იარაღით გიყვარსო და იმით, რაც ხელში მომხვდებაო, – ასე უპასუხა მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რა ინსტრუმენტები უნდა აირჩიოს საქართველომ იმისთვის, რომ სუვერენიტეტიც დაიცვას და კეთილდღეობასაც მიაღწიოს.

„ეს არის მეომრის ფსიქიკა, კაცური, ქართული ფსიქიკა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც შეიძლება, გამოგვადგეს საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, ეს არის, რომ ვერ გაგაჩერებენ, ისეთი დაუღალავი მოქმედება ჩვენ გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ინტერესების დაბალანსებისა. ჩვენისთანა ქვეყნისთვის, ჩვენისთანა რეგიონში სახიფათო და დამღუპველია ფსონის დადება ნებისმიერ ერთ მოთამაშეზე, თუ სუვერენიტეტი გვინდა და არ გვინდა ვასალიტეტი, რომელიც ვართ“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, მრავალპოლუსიან სამყაროში, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, ძალის ცენტრები ერთმანეთთან თითქმის, არასდროს აწარმოებენ პირდაპირ ომებს, რადგან „ეს ძალიან სახიფათოა“.

„ისინი ერთმანეთს აუცილებლად დემონსტრაციულად გაულახავენ გოშიებს და ვასალებს. ეს ის არის, რაც 2008 წელს მოგვივიდა. ამიტომ, როდესაც შენ ფსონს ერთ-ერთ მოთამაშეზე დებ და ამბობ, მე ამის მონა ვარ და რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებო, უბრალოდ, უნდა იცოდე, რომ აუცილებლად დემონსტრაციულად გაილახები“, – განაცხადა ვასაძემ. 

როგორც ვასაძემ აღნიშნა, საშინაო პოლიტიკაში ასევე გვჭირდება დაუღალავი და მუხლჩაუხრელი შრომა.

„საშინაო პოლიტიკაში ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ხელი რასაც არ უნდა მოკიდო, ნებისმიერი ცვლილება მე მგონი, უკვე გამოსწორებას ნიშნავს. წარმოებაა და, მოვსპეთ, საბაჟო პოლიტიკაა და, ყველა კარი ისე გავაღეთ, ნებისმიერ კონკურენტს შეუძლია, ჩვენს მეწარმეს და ბიზნესმენს გადაუაროს. ამიტომ, წლიდან წლამდე ვარდება დასაქმების მაჩვენებლები. საშინაო პოლიტიკაში ჩვენ გვჭირდება დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომა“, – განაცხადა ვასაძემ.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს მოძრაობის სახელწოდებაში არსებული იმედი და რისი იმედი უნდა ვიქონიოთ, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ როგორც ოქროს ხანის ქართველებს, ჩვენც ღმერთის და საკუთარი მარჯვენის იმედი უნდა გვქონდეს.

„ეს არის ის ორი ბოძი, რომელზეც ყოველთვის დგას ჩვენი კულტურა. როცა ვიღაც პატრონის იმედი გვაქვს, რომ ის მოვა და რაღაცას გვაჩუქებს, საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით გამოგვესარჩლება და ზედ გადაგვყვება, რა უნდა შევძლოთ? ძალიან კარგია, თუ ეს მოხდება, მაგრამ მაგის იმედად ჩემი მტერი იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, ჩვენი ერთობის, რაობის იმედი“, – განაცხადა ვასაძემ.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქვეყნის გაყიდვას და დაქუცმაცებას საზღვარი არ აქვს.

„უნდა გაჩნდეს იდეოლოგიური შემკრები, რომელიც გააერთიანებს ხალხს, ვისაც ესმის, რომ სათითაოდ, ჩვენ-ჩვენს ბინებს და ეზოებს ვერ მივხედავთ. ეს გამორიცხულია. ყველაზე ნაკლებად, მე ეს ჩემთვის მჭირდებოდა. არ არსებობს, ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელშიც საერთო არ არის უფრო დიდი, ვიდრე „ჩემი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში მოსვლა, რათა ქვეყანა გადარჩეს, ხოლო სამოქმედო გეგმის შესახებ, მოძრაობა ნელ-ნელა, ეტაპობრივად განაცხადებს.