ლევან ვასაძე - მოვახდენთ თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად, რაზმების სტრუქტურა იქნება იერარქიული
ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს.
„ჩვენ არ შევკრებილვართ მიტინგობისთვის, სკანდირებისთვის. ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბებიან ათ-ათი ასეულებად, ასისთავებად. და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა იგინოს, იფურთხოს, იბილწსიტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახით პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, ვერის ბაღში შეკრებილებს შორის ბევრი სამხედრო გამოცდილების პირი და სპორტსმენია, რომლებიც თბილისის ქუჩებში პატრულირებას განახორციელებენ.
„აქ დამსწრე საზოგადოებაში არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი ჩვენი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. ეს ისინი არიან, რომელთაც მთელ მსოფლიოში ვერავინ აჩერებს, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. შექმნილი ათეულები, შეკრულები ასეულებად და ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება, მშვიდად, წყნარად“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ პატრულირების დროს თან ქამრები ექნებათ, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს ხელებს შეუკრავენ და ტერიტორიას დაატოვებინებენ.
„არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა. ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობით ჩვენ, თუკი გარყვნილებისა და სიბილწის პროპაგანდისტები ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ – რისთვის, რომ ჩავქოლოთ ქათმები ან ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, რომლებიც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მათ ხელებს შევუკრავთ ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მან შეკრებილებს მიმართა, თუ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები შეურაცხყოფას მიაყენებენ, აგრესიით არ უპასუხონ ან უკიდურეს შემთხვევაში, ყური აუწიონ.
„სადაც ისინი იქნებიან, გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტამთ მათ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეს. დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, როდესაც დაინახავდა უზრდელობას ვერაზე ან რუსთაველზე, ყურს უწევდა ხოლმე. მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება და ვაკმაროთ მას ეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.