ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

მათვე ინფორმაციით, სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

„გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს.

ბუსა ჟვანია ამ დროისთვის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება.