ლევან თარხნიშვილი - „ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე აღიარებს რეალობას და შეეშვება კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა რა სურს, რადგან ერთი მხრივ ამბობს, რომ ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს და იყენებს ყველა ბერკეტს, რათა რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.
ლევან თარხნიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეეშვას კლოუნადას და მიხვდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან არის ხელახალი არჩევნები, თვისობრივად ახალი საარჩევნო გარემო და ადმინისტრაცია, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.
„ქართული ოცნება“ ზოგადად ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთი მხრივ, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში.
რეალობა არის სულ სხვა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.
ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც „ევროპული საქართველო“ და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, „ქართული ოცნება“ კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა თარხნიშვილი.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას აცხადებს იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი აიღო. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.