ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო შტაბი დაარბიეს
ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო შტაბი დაარბიეს

ფოთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბი დაარბიეს, – ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში გვიან ღამით უცნობი პირები შეიპარნენ, საარჩევნო პლაკატები დააზიანეს და დროშები მოიპარეს.

ოპოზიციის წევრები მომხდარზე პოლიციაში განაცხადის შეტანას გეგმავენ.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პატარა, შეშინებული ადამიანების საქციელი. გუშინ წინ ჩვენი მაჟორიტარის პლაკატი დააზიანეს, დღეს გიგი უგულავას პლაკატი დაჭრეს. ამითი ეტყობა, ჰგონიათ, რომ ხელს შეგვიშლიან, მაგრამ ვერ შეგვიშლიან, რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით, ქართველი ხალხის გამარჯვებით და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი. ვაპირებთ პოლიციაში განაცხადის შეტანას. დიდი იმედი არ გვაქვს, რომ რაიმეს გამოიძიებენ, მაგრამ ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ადამიანები, ვაპირებთ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც პოლიცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მთლიანად სახელმწიფო ემსახურება ერთ ადამინს – ბიძინა ივანიშვილს და მეტი სხვა არაფერი აინტერესებთ. სწორედ ამიტომაც უნდა მივიდეთ ყველანი 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე, უნდა ვუთხრათ უარი „ქართულ ოცნებას“ და მივცეთ შანსი საქართველოს, რომ განვითარდეს“, – განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა.

„ქართული ოცნებაში” მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებას უკვე მერამდენედ აქვს ადგილი.

დატოვე კომენტარი