ლევან თარხნიშვილი - დიალოგზე მოწოდების გარდა არაფერი ყოფილა, დიდი ეჭვი მაქვს, ეს შესაძლებლობა არც არსებობდა, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეთ, რატომ ახსენა
ლევან თარხნიშვილი - დიალოგზე მოწოდების გარდა არაფერი ყოფილა, დიდი ეჭვი მაქვს, ეს შესაძლებლობა არც არსებობდა, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეთ, რატომ ახსენა

არც გაგვიგია მსგავსი შესაძლებლობის არსებობა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა საერთოდ არც არსებობდა, რატომ ახსენა ის გრიგოლ ვაშაძემ, მას ჰკითხეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თარხნიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა.

„კითხვები გაჩნდა და იმედია, დღეს გვიპასუხებენ. რაც შეეხება იტყუება, თუ არა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ვისგანაც შეიძლება მოდიოდეს ეს დიალოგი, ამ ხალხთან ურთიერთობა ჩვენც გვაქვს და, შესაბამისად, ჯერჯერობით არაფერი მსგავსი, გარდა მოწოდებისა, რასაც ყველანი ვისმენთ, არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა აქედან სხვა რამე პასუხი, გარდა იმისა, რასაც ახლა გპასუხობთ. ჩვენი პოზიცია მრავალჯერ ნათქვამია და ბოლოჯერ ითქვა ორი დღის წინ, როდესაც გამოქვეყნდა ოთხი პარტიის განცხადება. ეს იყო „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“, სადაც ზუსტად არის ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია. პირველი ის, რომ ჩვენ ვართ მზად იმ საკითხებზე დიალოგისთვის, რაც ვთქვით – როდის და როგორ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ვინ ჩაატაროს ის, ასევე მოთხოვნა არის პოლოტპატიმრების გამოშვება და ვთქვით, რომ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.