გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა.

„დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიული მოკავშირეების ჩართულობით მოლაპარაკებებში თავად ყოველდღიურად მონაწილეობდა.

კითხვაზე, რომელი საელჩოები იყვნენ ამ პროცესში ჩართული, ვაშაძე პასუხობს, რომ მათი დასახელების ნებართვა არ აქვს.

„ამ ადამიანებისგან ნებართვა არ მაქვს, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები და საელჩოები დავასახელო, მაგრამ დამიჯერეთ, ამ ადამიანებს საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.