ლევან თარხნიშვილი - ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, შესაბამისად, მათგან ველოდებით ადეკვატურ წინადადებას
მეორე რაუნდის ბოლოს ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები, ელჩებმაც ნათლად აუხსნეს „ქართულ ოცნებას“, რომ ბურთი მათ მოედანზეა და შესაბამისად, მათგან ველით რაიმე ადეკვატურ წინადადებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„იცით, რომ გუშინ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს ე.წ. მეორე ტურის შედეგები. შესაბამისად, ყოველდღე შეგვიძლია, ველოდოთ იმას, რომ ცესკო შეაჯამებს ამ ე.წ. არჩევნების საბოლოო შედეგებს და შემდეგ ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, დანიშნოს პირველი სხდომა. ამიტომ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავარკვიოთ ბოლო დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვშვრებით პირველი სხდომის დროს. გარკვეული მონახაზები უკვე არსებობს. „ლეიბორისტებთან“ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ეს მონახაზები გავაჟღერეთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად დაგეგმილი ღონისძიების ტექნიკურ დეტალებზე ექნებათ საუბარი.
„რაც შეეხება მესამე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით სიახლის თქმა არ შემიძლია, რადგან იქნება თუ არა ეს მესამე რაუნდი საერთოდ, არავინ იცის. თუ იქნება, როდის იქნება და რითი მობრძანდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ბურთი ხელისუფლების მოედანზე. მეორე რაუნდის ბოლოს ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები, ელჩებმაც ნათლად აუხსნეს „ქართულ ოცნებას“, რომ ბურთი მათ მოედანზეა და შესაბამისად, მათგან ველით რაიმე ადეკვატურ წინადადებას“, – აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.