ლევან სურგულაძე - საპენსიო დანაზოგების სახით ექვს წელიწადში 5 მილიარდამდე ლარს ველოდებით, რომლის 80 პროცენტმა ქვეყნის ეკონომიკაზე უნდა იმუშაოს
საპენსიო რეფორმას ორი უმნიშვნელოვანესი მიზანი აქვს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთი მიზანი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში ფინანსურად უზრუნველყოფას გულისხმობს, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება.
„მეორე მიზანი, რომლის მატერიალიზებას უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში ველოდებით, არის ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება. ჩვენ უახლოეს ორ წელში, ველოდებით მინიმუმ 1 მილიარდ ნახევარ ლარს საპენსიო დანაზოგების სახით, ექვს წელში – დაახლოებით 5 მილიარდ ლარს, რომლის 80-მა პროცენტმა უნდა იმუშაოს ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა სურგულაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გაჩნდება მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
„ეს კი, თავის მხრივ, 3-4 პროცენტით, შეიძლება მეტითაც, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას. ეს შექმნის თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის შემოსავლებს და იმ სოციალურ შემწეობასაც, რაც ასე ვთქვათ, ძალიან დაბალია დღეს საქართველოში, უნდა ვაღიაროთ“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
შესაბამისად, მისი თქმით, საპენსიო რეფორმის პირველი ბენეფიტი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარება და ეკონომიკის განვითარების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასვლა იქნება.