ლევან სურგულაძე - ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტო არ იყო მზად ამოქმედებისთვის, სწორი არ არის, ჩვენ სრულად მზად ვიყავით
ლევან სურგულაძე - ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტო არ იყო მზად ამოქმედებისთვის, სწორი არ არის, ჩვენ სრულად მზად ვიყავით

სრულად მზად ვიყავით და ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტო არ იყო მზად ამოქმედებისთვის, სწორი არ არის, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა, რატომ დაიწყო სააგენტომ მუშაობა საინვესტიციო საბჭოს გარეშე და ხომ არ იყო ეს ნაბიჯი ნაჩქარევი.

სურგულაძე მიიჩნევს, რომ აჩქარებას ადგილი არ ჰქონია და საპენსიო რეფორმა ზუსტად გათვლილი გეგმის მიხედვით გრძელდება. მისი განმარტებით, სააგენტოს გახსნისთვის მზადება კანონმდებლობის ფარგლებში გასული წლის შემდგომაზე დაიწყო, როდესაც სააგენტოს საპენსიო ფონდში თანხები ჯერ არ იყო დაგროვილი. საპენსიო ანაგარიშზე თანხების შეტანის ვალდებულება მოქალაქეებს 2019 წლის პირველი იანვრიდან წარმოექმნათ, თუმცა იანვარ-თებერვალში სააგენტოს ფონდში მხოლოდ 50 მილიონი ლარი იყო დაგროვილი და საბჭოს დაკომპლექტების ხარჯების გაღება ასეთი მცირე პორტფელით არ იყო მიზნაშეწონილი.

„სააგენტოს მომზადება გახსნისთვის გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ, ნოემბერ-დეკემბერი ეს პროცესი მიმდინარეობდა. დეკემბერში ნამდვილად არ გვჭირდებოდა საბჭო, საინვესტიციო თანხები ამისთვის არ იყო. საბჭო უნდა იყოს და იქნება კიდეც მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალებით დაკომპლექტებული, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც. ძალიან ლიმიტირებული თანხებით, ჩვენ იანვარ-თებერვალში გვქონდა 50 მილიონი ლარი, ვერ შექმნი დაბალრისკიან დივერსიფიიცრებულ პორტფელს, როგორიც უნდა იყოს პირველი 5 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ის ამონაგები, რაც იქნებოდა დარიცხული ამ პატარა ფორტფელზე, მთლიანად ამოიწურებოდა ამ საბჭოებთან დაკავშირებული ხარჯებით“, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, საბჭო არ გულისხმობს მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს, მის სტრუქტურაში ასევე გათვალისწინებულია საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური.

„პარალელურად, საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით, სააგენტოში იქმნება რისკის კონტროლის დამოუკიდებელი მექანიზმი – რისკის კომიტეტი, რომელიც ასევე მაღალი რანგის პროფესიონალებით დაკომპლექტდება. რისკის კომიტეტში შედიან რისკის მთავარი ოფიცერი და რისკის სამსახური, რომლებიც დამოუკიდებლად აკონტროლებენ საინვეტსიციო პროცესს თითოეული ტრანზაქციის დონეზე. ეს იმდენად ხარჯიანია, რომ ჩვენ ზუსტად გავთვალეთ, როდესაც იქნებოდა იმ ზომის პორტფელი, რომელიც ამ ხარჯებს აიტანდა და საბჭო შექმნა ზუსტად ამ დროს იქნებოდა ეკონომიკურად გამართლებული“, – განმარტა სურგულაძემ.

ამასთან, გადაცემის თანაწამყვანის გიორგი აბაშიშვილის შეფსებით, საპენსიო ფონდის ანგარიშზე იმდენად დიდი მოცულობის თანხები გროვდება, რომ სახელმწიფოზე უფრო მაღალ რისკზე მოსახლეობა მიდის. ამიტომ მისი მოსაზრებით, უპრიანი იქნებოდა, საპენსიო სააგენტოს შექმნა თუნდაც ერთი წლით გადავადებულიყო და უწყებას რეფორმა უფრო მომზადებულსა და სრულად დაკომპლექტებულს დაეწყო. „რა თქმა უნდა, დიდი ხარჯები იქნებოდა, მაგრამ ისეთი მოცულობის თანხებია მობარებული, თუ ავიღებთ დანახარჯ-სარგებლინაობის ანალიზს, ვფიქრობ, მოსახლეობის მხრიდან გაცილებით მეტია რისკის კოეფიციენტი, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ამის პასუხად, სურგულაძემ აღნიშნა, რომ სააგენტომ ყველა ნაბიჯი კანონის ფარგლებში გადადგა.

„სააგენტო სრულად იყო მომზადებული უკვე პირველი იანვრისთვის, როგორც კანონში იყო გაწერილი. კანონის მიხედვით, ის უნდა ამოქმდებულიყო პირველი იანვრიდან. ამ პერიოდისთვის ძალაში შედიოდა მუხლები, რომელიც ითვალისწინებდა საპენსიო შენატანების მიღებასა და ადმინისტრირებას. ჩვენ ეს ვიცოდით და დაგეგმილი გვქონდა სააგენტოს მომზადებისა და გაშვების პროცესი. გაეშვა კიდეც და სააგენტოს ყველა სისტემა ფუნქციონირებდა შეფერხების გარეშე. გადავადება არ იყო საჭირო. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული მნიშვნელობის მქონე რეფორმა. ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმა საქართველოში არასოდეს გნხორცილებეულა, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. შებამისად, ეს რეფორმა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო და დღეს ვიქნებოდით ბევრად წინ. ჩვენ ყოველ მხრივ მზად ვიყავით და არანაირი დამატებითი მომზადება არ გვჭირდებოდა. რაც მოვემზადეთ, ზუსტად საკამარისი იყო სააგენტოს გასაშვებად. პროცესი ჩვეულებრივ ახლაც მიმდინარეობს. გაწევრიანების რიცხვი ვახსენეთ, პორტფელის მოცულობაც, ახლა საბჭო შეიქმნება. ინვესტირება ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყება და გადავადების საჭიროება არ იყო. ჩვენ ვიყავით სრულად მზად და ინფორმაცია, რომ სააგენტო არ იყო მზად, სწორი არ არის“, – განმარტა ლევან სურგულაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.