ლევან რატიანი - თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ თავშეყრის ადგილზე ყოფნა, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
ლევან რატიანის თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა.
„რაც შეეხება თავშეყრას, თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ თავშეყრის ადგილზე უნდა იყვნენ, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია. ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის გზა არის ფიზიკური დისტანცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება, რაც შეიძლება დავიცვათ პირადი ჰიგიენა და დისტანცია.
ერთადერთი ჯაჭვი, რომელმაც შეიძლება, გადაარჩინოს სამყარო, არის ჯაჭვი, სადაც გადაცემის გზის დაბლოკვა ხორციელდება. ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გამოსავალი ფიზიკური დისტანცია. ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი რისკჯგუფის ადამიანს შეიძლება დაემართოს „კოვიდ-19“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანმა საუნივერსიტეტო კლინიკის მონაცემებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე წევს 120 პაციენტი, მათ შორის რამდენიმე ათეული ორსული, ახალშობილებით.
„რეანიმაციაში გვყავს 18 პაციენტი, მათ შორის 16 არის მართვით სუნთქვაზე. როგორც ვწერთ პაციენტებს, ვატყობინებთ სასწრაფო დახმარებას და საგანგებო სიტუაციებს, არც ერთი ცარიელი ადგილი არ ყოვნდება. ჩემი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე, კოვიდინფიცირების მართვის მენეჯმენტში შეიძლება ითქვას, რომ ხარვეზი არ არსებობს“, – განაცხადა რატიანმა.