ლევან რატიანი - პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, წონის მკვეთრი დეფიციტი ჰქონდა, ვირუსი კი, ნებისმიერი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორია
ლევან რატიანი - პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, წონის მკვეთრი დეფიციტი ჰქონდა, ვირუსი კი, ნებისმიერი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორია

პაციენტს, რომელიც გარდაიცვალა, წონის მკვეთრი დეფიციტი ჰქონდა, ვირუსი კი, ნებისმიერი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორია, – ამის შესახებ თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ.

„79 წლის ქალი 31 მარტს მარნეული-ბოლნისის წითელი ზონიდან იყო შემოყვანილი. შემოყვანისას იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღენიშნა მკვეთრი წონის დეფიციტი. ასევე, ჰქონდა გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ბოლო ათი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, ხველა და ამის გამო მიმართა კლინიკას.

პაციენტთან დადასტურდა კოვიდინფეცია. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისთანავე, ის გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, რადგანაც სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა პნევმოთორაქსი, რაც ნიშნავს ფილტვის ჩაჩუტვას. ჩატარდა ყველა ღონისძიება, რაც ამ პროცედურისთვისაა დამახასიათებელი. პაციენტის გულის ფუნქცია არ არსებობდა. ასევე, შემოყვანისთანავე დაფიქსირდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადავიყვანეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორ კრიტიკული.

„ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ 72 საათი მოხდა და ამ დილით, ჰემოდინამიკის მკვეთრი რღვებით, ვერ შევინარჩუნეთ წნევა. 09:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

რაც შეეხება პაციენტის წონის დეფიციტს, ის იყო მკვეთრი. კუნთოვანი სისტემა აღნიშნულ პაციენტთან არ არსებობდა, მისი ძირითადი დაავადების გამო. ქრონიკულ პათოლოგიებს, რომელიც მას ჰქონდა, კუნთთა სისტემის ატროფია ახასიათებს. რაც შეეხება ვირუსს, ის არის ნებისმიერი პათოლოგიის მაპროვოცირებელი ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.