ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება, 80 წლის ქალის მდგომარეობაც გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოიხსნა
ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება, 80 წლის ქალის მდგომარეობაც გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოიხსნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალი სავარაუდოდ კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

მისივე თქმით, 80 წლის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა.

„ქალბატონი, რომელიც არის კლინიკაში 62 წლის, მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი, დღეს ვაგზავნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისტრესით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, ამ ქალბატონის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. თუ პაციენტები მომართავენ კლინიკას 60 პლუს ერთი, სუნთქვის უკმარისობის დასაწყის სტადიაში, მეტი შანსია გამოჯანმრთელების, ვიდრე დამძიმებული მომართვის დროს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის განმარტებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური.

„რეანიმაციაში წევს შვიდი პაციენტი, აქედან ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია“ , – დასძინა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს.

რატიანის თქმით, 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აპარატი ამ დრომდე არ დასჭირვებია.

„ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გუშინ გითხარით, რომ პაციენტთან იყო მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების, მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე იქნება კრიტიკულად. რჩება მძიმე, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია.იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ორსულებს, რატიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა ბოლო ოთხი დღეა, დინამიკაში უცვლელია.

„იმყოფებიან ფიზიოლოგიურ პირობებში, როგორც დედა, ისე ნაყოფი“ ,- განაცხადა რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, ასევე სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობაც.