ლევან რატიანი - ერთი უკიდურესად მძიმე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 69 პაციენტი არის მოთავსებული, მათგან 22 კორონავირუსით ინფიცირებულია.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან რატიანის თქმით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
„იცით, რომ ყველაზე კრიტიკული პაციენტი, არა მძიმე, კრიტიკული იყო ჩვენ კლინიკაში გადმოყვანილი ბოლნისიდან, მარნეულის წითელი ზონიდან. პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დადასტურებული კოვიდ ინფექციით. ასევე კლინიკურად ანამნეზური მონაცემებით. სახეზე იყო მოიკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერული ჰიპერტენზია. პაციენტი მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ექიმების მიერ, როგორც უკიდურესად მძიმე და ხაზს ვუსვამ ტერმინალური, ვინაიდან პაციენტთან, შემოყვანიდან ბოლო 24 საათში, არ ისაზღვრებოდა, მიკროცირკულაციის მოშლის გამო, ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული ჰიპერტენზია გემოდინამიკის რღვევით. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა. ბოლო 24 საათია მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, აბსოლუტურად კონტაქტურია, ადეკვატურია და ალბათ რამდენიმე საათით დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და შემდეგ გადმოვა თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რამდენიმე პაციენტი მკურნალობს.
„80 წლის ქალბატონის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად. სტაბილურობა გამოიხატება იმაში, რომ გემოდინამიკა გახდა სტაბილური, გაუმჯობესებულია ჟანგბადის, ანუ ოქსიგენაციის პარამეტრები. ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და ექიმების მხრივ ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე, დადებითი დინამიკით“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის განმარტებით, 79 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვას ექვემდებარება.
„რაც შეეხება მარნეულის წითელი ზონიდან ჩამოყვანილ 79 წლის პაციენტს, ის შემოყვანილი იქნა კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით. კრიტიკული მდგომარეობა განპირობებული იყო მისი სომატური პათოლოგიით. კლინიკურად სახეზეა მკვეთრი წონის დეფიციტი. მე სხვა მონაცემი ამ ეტაპზე არ გამაჩნია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, წონის კლება აღენიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კრიტიკული მედიცინის ენაზე ამ პაციენტს შემოყვანისთანავე დაუდასტურდა პნევმოთორაქსი. ჩატარადა ყველა მანიპულაცია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანი ამბობს, რომ დღეს, ერთის გარდა, ყველა პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითი მიიღეს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაგზვნეთ რამდენიმე ტესტი. ყველა ტესტი მოვიდა უაყოფითი, გარდა ერთისა. ამიტომ ეს პაციენტიც გადაბარდა ინფექციონისტებსა და თერაპევტებს. ერთი პაციენტი, რომელიც უნდა გაეწეროს უახლოეს საათებში, პირველი ტესტი მოვიდა უარყოფითი. დღეს გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ვიმედოვნებთ, რომ მოვა უარყოფითი პასუხი და ქალბატონი დატოვებს კლინიკას“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ორი ორსული ჰყავთ და მათი მდგომარეობაც სტაბილურია.
„რაც შეხება ორსულს, ამ ეტაპზე გვყავს ორი ორსული პაციენტი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც დედის, ისე ნაყოფის“ ,- აღნიშნა რატიანმა.