ლევან რატიანი - არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, მიზეზი არის უშუალოდ ორგანიზმი
ლევან რატიანი - არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, მიზეზი არის უშუალოდ ორგანიზმი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განმარტავს, თუ რა იწვევს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის გართულებას.

რატიანის თქმით, ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე, თუ როგორ ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება და რა სახის სომატური დაავადებები აქვს.

რატიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი, ვინც სოციალურ დისტანციას არ დაიცავს.

„კოვიდინფექცია გახლავთ ინფექციის ერთ-ერთი სახე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერი ადამიანის დასნებოვნება იმ პირობებში, თუ არ დავიცავთ წესებს, რომელიც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. აღნიშნულიდან  გამომდინარე, პირველი საპრევენციო ღონისძიება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, არის რაც შეიძლება მეტი სოციალური დისტანცირება. რამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის დამძიმება და ა.შ. გითხარით, რომ ინფექციურ პათოლოგიებს ახასიათებს ორი რამ – პირველი, ყველა ვართ მიმღები, მაგრამ არ ვართ ყველა დაავადებულები. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის სტატუსზე, თუ როგორ ფიზიოლოგიურ პირობებში ვართ და რა სომატური დაავადებები გვაქვს, რომ დაავადება გაღრმავდეს ან დაიბლოკოს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კითხვაზე, თუ რა გახდა საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების დამძიმების მიზეზი, რატიანმა უპასუხა, რომ მიზეზი არის თავად ორგანიზმი და არა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება.

„არც ერთი პაციენტის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა ჰოსპიტალიზაციის დაყოვნება, დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს უშუალოდ ორგანიზმი“, – აღნიშნა რატიანმა.

ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 55 ინფიცირებული იმყოფება, მათგან ორი ახალი შემთხვევაა.

პაციენტებიდან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

რატიანის განმარტებით, რეანიმაციაში რჩება შვიდი პაციენტი, ხოლო სხვა დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში შვიდი პაციენტი იმყოფება. მათგან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია. არიან ოქსიგენდამოკიდებულები და აგრძელებენ სიმპტომურ მკურნალობას. ასევე იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებენ.

რაც შეეხება ორსულებს, 24 კვირის ორსულის, როგორც ნაყოფის, ისე ქალის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტებს. უკვე 9 კვირის ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობაც ამ ეტაპამდე ფიზიოლოგიურ პირობებშია“, – განაცხადა რატიანმა.