ლევან რატიანი - 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, რაც სასიხარულოა
ლევან რატიანი - 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, რაც სასიხარულოა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის რამდენიმე მძიმე პაციენტი იმყოფება.

„გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით ერთის, კრიტიკულია, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. აქაც არის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“ , – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება 62 წლისა და 80 წლის პაციენტებს, რატიანის თქმით, 62 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, 80 წლის პაციენტის მდგომარეობაც გაუმჯობესდა და, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან.

„რაც შეეხება ჩვენს ორ ძველ პაციენტს, 62 წლის, რომელიც მოხსნილი გყავს აპარატიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხვალისთვის გადავა განყოფილებაში. მეორე ქალბატონი, 80 წლის, რომელიც ასევე არის ჩვენს კლინიკაში, ძველი პაციენტი, ისიც გამარტივებულ რეჟიმზეა და ალბათ რამოდენიმე საათში მოიხსნება მართვით სუნთქვიდან“, – აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, რატიანი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, რამდენიმე პაციენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება დასჭირდეს.

რაც შეეხება ორსულებს, რატიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია.

„რაც ყველაზე სასიხარულოა, სტაბილურია 13 წლის ბავშვის მდგომარეობა“, – დასძინა ლევან რატიანმა.