ლევან მახაშვილი - ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს, დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება
ლევან მახაშვილი - ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს, დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება

ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომლებსაც ზოგიერთები პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი.

„მოდით, გადავხედოთ ამ ინსტრუქციად ქცეულ რეზოლუციებს, ანგარიშებს, განცხადებებს და ვნახოთ, სინამდვილეში რა უნდათ, რა ინსტრუქციებს გასცემენ, რას უნდა ებრძოლონ საქართველოში: მათ უნდა ებრძოლონ სახელმწიფო ინსტიტუტებს – სამართალდამცავებს, სასამართლოს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არჩევნებს, გამჭვირვალობას. მათი მიზანია ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია და სამართლებრივი საფუძვლების მორყევა, რათა ქვეყანაში დათესონ ქაოსი, ნიჰილიზმი და უნდობლობა. მათ არ სურთ ძლიერი სახელმწიფო, რადგან ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს მყარ სუვერენიტეტს, მათ კი სუსტი და მართვადი საქართველო სჭირდებათ.

მათ უნდათ, ებრძოლონ ჩვენი სულიერების მთავარ ბურჯს, ჩვენს დედაეკლესიას – იმ ინსტიტუტს, რომელმაც უმძიმეს საუკუნეებში შეგვინარჩუნა ენა, მამული და სარწმუნოება. ეკლესიასთან ერთად, ისინი ებრძვიან ოჯახს, ტრადიციებს, იდენტობას. ეკლესიასა და ღირებულებებზე თავდასხმით მათ სურთ ჩვენი ეროვნული სხეულის ხერხემალში გატეხვა, რადგან იციან, რომ სანამ ქართველ კაცს რწმენა და ტრადიცია უმაგრებს ზურგს, მას ვერანაირ უცხოურ დღის წესრიგს ვერ მოახვევ თავს.

მათ უნდათ, ებრძოლონ პატივსაცემ ადამიანებს – საზოგადოების ავტორიტეტებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, უფროსს თაობას, პატრიოტებს; მათ, ვისი სიტყვაც ხალხისთვის ყოველთვის წონადი იყო; მათ, ვის მიერ აღმართული დროშაც ერს აერთიანებს; მათ, ვისაც განუზომელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის შენებაში. მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მორალურად გაანადგურონ, ტალახი ესროლონ და გააუფასურონ ყველა, ვისაც ქვეყნის წინაშე დამსახურება აქვს, რათა საზოგადოება კონკრეტული გზამკვლევის გარეშე დატოვონ.

მათ უნდათ, ებრძოლონ მშვიდობას – იმ უმთავრეს მონაპოვარს, რომელსაც კბილებით ვინარჩუნებთ ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში. მშვიდობა მათთვის არა ღირებულება, არამედ გამოწვევა და დაბრკოლებაა. ისინი ცდილობენ საზოგადოების პოლარიზაციას, ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას, სიძულვილის დათესვას, რათა დანაწევრებული და დასუსტებული ხალხი ადვილად გახდეს სხვისი ინტერესების მსხვერპლი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, ეს რეზოლუციები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას და ინტერესებს, არამედ ეს არის უკრაინის ომის კონტექსტით ნაკარნახევი, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით ატეხილი მოკლევადიანი ხმაური, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩაცხრება, ჩვენი ქვეყანა კი მყარად გააგრძელებს საკუთარ გზას.

„ისმება მთავარი კითხვა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ: შესაძლებელია თუ არა, ასეთი დოკუმენტების ავტორებს ვუწოდოთ საქართველოს მეგობრები? პასუხი ძალიან მკაფიოა – არა! ნამდვილი მეგობარი პატივს სცემს შენს არჩევანს, შენს კულტურას და შენს უსაფრთხოებას. ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ვინც გაშანტაჟებს, ვინც ხელს აფარებს რადიკალებს და ვინც ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება ერთიანი, მშვიდი და მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი და დიდი გეოპოლიტიკური ეგოების მსხვერპლი. მოსახლეობის გვერდში დგომით, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.