ლევან მახაშვილი - საზოგადოება ხედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საზაფხულო სერიას, ვხედავთ პარტიებს, რომელთაც სრულიად არეული აქვთ საკუთარი და სხვისი სახელმწიფო
საზოგადოება სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის რაღაც საზაფხულო სერიას ხედავს. პოლიტიკურ პარტიებს ვხედავთ, რომელთაც სრულიად არეული აქვთ საკუთარი და სხვისი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ამ ინტერესებში სრული პოლიტიკური დომხალი აქვთ და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები უპირატესია.
„გამორჩეულად იმისა, მეგობარზეა საუბარი თუ მტერზე, უპირველესი ამოსავალი საკუთარი სახელმწიფო და მისი ინტერესებია. სწორედ იმის გამო, რომ წლებია, ამ ძალებს აღრეული აქვთ საკუთარი და სხვისი სახელმწიფოს ინტერესები, კრიტიკულ მომენტებში უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებენ. ნაცვლად იმისა, ქვეყნისთვის ყველაზე კრიზისულ დროს სახელმწიფოს მხარეს დამდგარიყვნენ, სხვების მხარეს დადგნენ. ამიტომ, ახლა ახალი სერია და ახალი ტალღა დაიწყო საკუთარ სახელმწიფოზე შეტევის. როგორც ჩანს, საზაფხულო არდადეგების წინ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებაზე ახალი იერიში მიიტანონ. ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ყველა ხაზიდან ცდილობენ. ამ ძალებმა თავიანთი სახე კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენეს. ხალხი ხედავს, ვინ დგას ქვეყნის გვერდით და ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების გაწირვისთვის. მათი ამოსავალი წერტილი საქართველოს ინტერესებში არ არის. მათი ამოცანაა, ვიღაცას თავი მოაწონონ, ვიღაცამ ხელი ჩამოართვას, ვოღაცამ რომელიმე დედაქალაქში მიიღონ და თავზე ხელი მოუთათუნონ. ეს არის მათი ამოსავალი წერტილი. საკუთარ ეგოს ამით იკმაყოფილებენ. ამ ყველაფერმა საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა. ყველა პასუხისმგებლიანმა ძალამ დასკვნა უნდა გამოიტანოს ამ მომენტებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია ამ ძალებს არ აპატიებს, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინ სხვისი ინტერესები ანაცვალეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.