ლევან მახაშვილი - როგორი ლამაზი სახელითაც არ უნდა შეფუთონ, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში ახალ-ახალ, ერთმანეთზე უარეს თუ მყვირალა სახელწოდების რეზოლუციებს აინიცირებენ
ახალ-ახალ, ერთმანეთზე უარეს თუ მყვირალა სახელწოდების რეზოლუციების დაინიცირებას ვხედავთ, როგორი ლამაზი სახელითაც არ უნდა შეფუთონ ის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ჟურნალისტმა მახაშვილს კითხვა დაუსვა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე, რომელსაც შემდეგ კვირაში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში განიხილავენ.
„დღეს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის სენსიტიური პროცესი მიმდინარეობს. საქართველოში, ამერიკაში და სხვაგანაც ადამიანები არიან, რომელთა პირდაპირი პოლიტიკური ინტერესია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შეაფერხონ და დააზიანონ. ახალი რეზოლუციის კონკრეტული წამოწყება აქედან უნდა დავინახოთ, რომ პროცესი შეაფერხონ, რადგან მათ პოლიტიკურ მეგობრებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს პროცესი არ აწყობს. ამერიკის საგარეო პოლიტიკას თუ შევხედავთ, ამ აქტის დასახელება და შინაარსიც ორმაგი სტანდარტია. ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, ჩინეთში ჩავიდნენ და შეთანხმებები გააფორმონ, რადგან მზარდი სახელმწიფოა. მასთან ნორმალური, ეკონომიკური ურთიერთობების წარმოებით ყველა დაინტერესებულია. ამ დოკუმენტს ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვს – საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის დაზიანება. როგორ? – რეპუტაციის შელახვით და ამერიკის შიდა ხელმძღვანელობაში განსაკუთრებული განცდების გაჩენით, თითქოს საქართველოს ნაბიჯები აზიანებს ამერიკის პოლიტიკურ ნაბიჯებს რეგიონში“, – განაცხადა მახაშვილმა.