ლევან კოღუაშვილი - იმედი მაქვს, რომ ნდობას გავამართლებთ და „ოსკარზე“ ღირსეულად წარვდგებით, ვულოცავ ჩვენს კოლექტივს, ასევე პირველ არხს, რომელიც ჩვენი ფილმის კოპროდიუსერია
იმედი მაქვს, რომ ნდობას გავამართლებთ და „ოსკარზე“ ღირსეულად წარვდგებით. ვულოცავ ჩვენს კოლექტივს, ასევე პირველ არხს, რომელიც ჩვენი ფილმის კოპროდიუსერია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფილმის „მეოთხე ბრაიტონი“ რეჟისორმა, ლევან კოღუაშვილმა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან „მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნება.
„ძალიან მიხარია, ეს არის ბევრი ადამიანის მრავალწლიანი ერთობლივი შრომის შედეგი. ეს ჩვენს შორის არანაირად არ ნიშნავს შეჯიბრს. პანდემიის პირობებში ქართულმა კინემატოგრაფიამ მოახერხა წარმატებული ფილმების გადაღება. ჩვენი ფილმი, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკული სპეციფიკაა, ჩათვალეს, რომ უფრო შეიძლება, მიესადაგებოდეს „ოსკარს“. ვფიქრობ, ეს უფრო პროფესიონალური და კოლეგიალური გადაწყვეტილებაა ჩვენი სექტორის, რომელიც ძალიან ვითარდება და პროფესიონალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ვულოცავ ჩვენს კოლექტივს, რადგან რამდენიმე ქვეყნის, საერთაშორისო კოპროდუქცია იყო. ასევე ვულოცავ პირველ არხს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ამ ფილმის კოპროდიუსერია. იმედი მაქვს, რომ ნდობას გავამართლებთ და „ოსკარის“ კამპანიაში ღირსეულად წარვდგებით“, – განაცხადა ლევან კოღუაშილმა.
„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი. ფილმი „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი – ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი. საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია.