პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“ კიდევ ერთი წარმატება - ლევან კოღუაშვილი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა
პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“ კიდევ ერთი წარმატება - ლევან კოღუაშვილი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა

18 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ევრაზიის XVI საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. კინოფესტივალზე საქართველოს პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილმა ფილმმა – „მეოთხე ბრაიტონი“ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.

ერთი კვირის განმავლობაში კინოფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ და მონაწილეებმა 25 სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარდგენილი ფილმები ნახეს. ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში 50-მა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან სამი მსოფლიო პრემიერა გახლდათ: „მშვენიერი ელენი“, „ბორანი და აუილი“ და „ივანის გარეშე ნუ დამარხავ“. შედგა ორი აზიური პრემიერაც: „ცივი, როგორც მარმარილო“ და „ღმერთის ძახილი“. მაყურებელმა ასევე იხილა ოსკარის ჯილდოზე მათი ქვეყნების მიერ ნომინირებული ოთხი ფილმი; ნახეს ფილმი „ესმიდეც“, რომელიც აზიურ ოსკარად წოდებული აზია-წყნარი ოკეანის პრემიის გამარჯვებულია.

ფესტივალის ჟიურიმ საკონკურსო პროგრამების გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა:

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა

საუკეთესო ფილმი — „ესმიდე“ (რეჟისორი: აქტან არიმ კუბატი, ყირგიზეთი)

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი — ლევან კოღუაშვილი („მეოთხე ბრაიტონი“, საქართველო)

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი — ასიფ რუსტამოვი („ცივი, როგორც მარმარილო“, აზერბაიჯანი)

ჟიურის სპეციალური პრიზი — კამარა კამალოვა („გზა არსაითკენ“, უზბეკეთი)

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი — ნავიდ მოჰამადზადე („კედლის მიღმა“ ირანი)

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი — შენ ში იუ („ქალი“, ჩინეთი)

ჟიურის დიპლომი — კეტაი დაული როლისთვის ფილმში „ბორანი“ (ყაზახეთი)

ჟიურის დიპლომი — ფილმი „ივანის გარეშე ნუ დამარხავ“ (რეჟისორი: ლუბოვ ბორისოვა, რუსეთი)

ჟიურის დიპლომი — ფილმი „ილ ბოემო“ (რეჟისორი: პეტერ ვაცლავი, ჩეხეთი).

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერია საქართველოს პირველი არხი, აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოდან „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ნამუშევარს უკვე მრავალი პრიზი აქვს აღებული.