ლევან კობერიძე - კარგია, რომ ოპოზიციისა და პოზიციის გზაჯვარედინი გაერთიანდა
მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის დადებითი ემოციები გაერთიანდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
ლევან კობერიძემ მაია ცქიტიშვილს საპარლამენტო ფორმატში რეგიონების განვითარების საკითხზე შეხვედრა სთხოვა.
„მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის დადებითი ემოციები გაერთიანდა და მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პარლამენტში თქვენი წინა გამოსვლის დროს ვისაუბრეთ იმ თემაზე, რასაც რეგიონალური განვითარება ჰქვია, რადგან ინფრასტრუქტურის პროექტებს ამ შემთხვევაში არ შევეხები, ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო არის გაკეთებული და კეთდება. ჩვენ ვისაუბრეთ კლასტერულ განვითარებასთან დაკავშირებით და იმ თემებზე, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალი კლასტერულ ჭრილში იყოს შესწავლილი. მე მადლობას მოგახსენებთ, თქვენ როგორც მინისტრი კომიტეტთან ერთად ამ თემაზე ბევრს მუშაობთ. მინდა გთხოვოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სამუშაო შეხვედრა მოვაწყოთ, ოპოზიციასთან ერთადაც, იმდენად რამდენადაც ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.