ლევან კალანდაძე - ბიზნესთან ამ ტონით საუბარი, თითის ქნევა და რიგ შემთხვევაში მუქარაც კი, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს
ბიზნესთან ამ ვორდინგით, ამ ტონით საუბარი, თითის ქნევა და რიგ შემთხვევაში მუქარაც კი, ძალიან კონტრპროდუქტიულია და ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმ მსჯელობასა და დებატებში, რაც რუსეთის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ერთი მხარე აკეთებს ძალიან ხისტ, ემოციებზე დაფუძნებულ განცხადებებს. მათ უკან, პასუხისმგებლობის ტვირთი რეალურად, არ დგას. ისინი არ არიან პასუხისმგებელი ვალუტის კურსზე, დასაქმების მაჩვენებელზე, როგორი იქნება ბიუჯეტის შევსება და ასე შემდეგ; მაშინ, როცა ამ განცხადებების და აჟიოტაჟის ფონზე პასუხისმგებელობა სწორედ ხელისუფლების მხარესაა“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, რისკ ჯგუფები ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტს ავსებს, ბიუჯეტის შევსების და საბიუჯეტო პროექტების განხორციელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კი, საბოლოო ჯამში, თავს იყრის და ვლინდება იმ შედეგებში, რაც ასეთი ტიპის განცხადებებმა შეიძლება, გამოიწვიოს.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ხელისუფლება დღეს ბეწვის ხიდზე გადის, რადგან მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული არა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის წილი და ზომა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესების კონტექსტში, არამედ მათ ძალიან კარგად იციან, ფულში გამოხატული რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს მთელი საზოგადოება.
„ბიზნესისთვის ფინანსური დანაკარგი პირდაპირ აისახება ათასობით ოჯახის შემოსავლებზე. ეკონომიკის მინისტრმა დაასახელა თანხა, რა ზარალი იქნებოდა სრული ემბარგოს პირობებში. ეს არის ოთხი მილიარდი, ჯამური ზარალი“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ 2006 წელს რუსეთის ემბარგო ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ მას არ გასჭირვებია, ქართული პროდუქცია სხვადასხვა მიზეზით შეეზღუდა და ამის საფრთხე დღესაც არსებობს.
„მგონია, რომ ამის რისკი არის. მე ამას ვხედავ და აგიხსნით, რატომ – პოლიტიკური ისტებლიშმენტი პუტინისგან ცალსახად ითხოვს, საქართველოსთან მიმართებაში ეს ემბარგო განხორციელდეს. თუმცა, პუტინი ცდილობს, კეთილშობილი პოლიტიკოსის იმიჯი შეინარჩუნოს და ასე ვთქვათ, ჭუჭყიანი წყლიდან მშრალი გამოვიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ინსტრუმენტის განხორციელება ყოველგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური ემბარგოს გარეშეა შესაძლებელი. ეს შეიძლება, ისეთი ტიპის ორგანიზაციების მიერ განხორციელდეს, როგორც 2006 წელს იყო, ბატონი ონიშენკოს სამსახური, რომელმაც ეს პოლიტიკური შეკვეთა ბრწყინვალედ შეასრულა და პოლიტიკური ისტებლიშმენტი თავისთავად მოგებული დარჩა“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ასეთი შედეგებისგან თავი მაქსიმალურად უნდა დავიზღვიოთ და ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე გავლა უწევს.