ლევან იზორია - მოდერნიზებული საავიაციო საშუალებები მოქმედებას შეძლებენ როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ანტისაჰაერო მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პრეკსონფერენციაზე განაცხადა.
„მომავალ წელს ფრანგებთან ვაგრძელებთ იმ შეთანხმების იპლემენტაციას, რომელიც ანტისაჰაერო სივრცის დაცვისთვისაა გამიზნული და შესაბამისი ანტისაჰაერო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. პირველი ეტაპი წელს წარმატებით დავასრულეთ და მომავალ წელს უკვე მეორე ეტაპზე გადავალთ, რომელიც სამ ან ოთხწლიან პერიოდს მოიცავს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტისაჰაერო მიმართულებაზე საუბრისას.
მინისტრმა ჟურნალისტებს ავიაციის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი სიახლეებიც გააცნო.
„მთავრობის წინა სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების გრანტი – 9 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მოვახდინოთ ავიაციაში არსებული რესურსების როგორც რემონტი-შეკეთება, ისე მოდერნიზება. წელს ბიუჯეტში გამოვყავით 23 მილიონი ლარი. როგორც ამერიკული დახმარების, ისე ბიუჯეტით გათვალისწინებული მილიონობით ლარის თანხების ეს კუმულაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ცხრა საავაციო საშუალება უკვე აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად სპეციალური საშუალებებით, არამედ კრიზისულ სიტუაციაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
„ჩვენი შვეულმფრენები და ვერტმფრენები შეძლებენ მოქმედებას როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს. თანხები გამოყოფილია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო საშუალებები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში. ადგილზე ეს ვერ ჩატარდება, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება. შემდეგ საქართველოს ახალი აღჭურვილობით 15-წლიანი რესურსით დაუბრუნდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.