ლევან იზორია - ჰიბრიდული საფრთხეები რეალური და უფრო მზარდია, რაც ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს
ლევან იზორია - ჰიბრიდული საფრთხეები რეალური და უფრო მზარდია, რაც ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს

ჰიბრიდული საფრთხეები რეალური და უფრო მზარდია, რაც ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იზორიას თქმით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მთავარი ამოცანა ნატო-ს ღირებულებების გარშემო კონსოლიდაციაა.

პანელს სიმბოლურად დასავლური ღირებულებები და ჰიბრიდული გამოწვევები ჰქვია. ეს დაპირისპირებაა ორ სისტემას შორის, რომელიც ერთის მხრივ დასავლური თავისუფლების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ღირებულებებს ემყარება და მეორეს მხრივ სისტემის, რომელიც ავტორიტარული მმართველობის სტილს ეფუძნება, რაც ამ წლის დასაწყისში ამერიკის მიერ გამოცემულ ახალ უსაფრთხოების სტრატეგიაში ძალიან ნათლად ჩანს.

ცივი ომის შემდეგ ამ დაპირისპირებამ უკვე განსაკუთრებული ხასიათი მიიღო რაც როგორც საქართველოს, ასევე, ნატო-ს წევრ ქვეყნებს განსაკუთრებული ამოცანების წინაშე აყენებს, რომ დასავლური ღირებულებები, მათ შორის, სამხედრო კომპონენტით გააძლიეროს.

დღეს არსებული გამოწვევების ფონზე მთავარი ამოცანა ნატო-ს ღირებულებების გარშემო კონსოლიდაციაა. ქართველები ამას წლებია ჩვენი მისწრაფებით და დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციით ვპასუხობთ. სიმბოლურია, რომ სწორედ წელს კონსტიტუციის ახალი რედაქცია კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ეს კონსტიტუციის დონეზე აყვანილი ვალდებულება და განსაკუთრებული კონსენსუსის შედეგია. საფრთხეები რეალური და უფრო მზარდია. ეს ჩვენ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გათვითცნობიერებული გვაქვს“,-აღნიშნა იზორიამ.

იზორიამ ფორუმის მონაწილეებს გამოწვევების საპასუხოდ თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო და ყურადღება ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა.

მინისტრის თქმით, წელს სწავლება “დიდგორი” უფრო მასშტაბური იქნება, სადაც მონაწილეობას მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ. იზორიას განცხადებით, წელს რეზერვის ახალი კონცეფციის ამოქმედებაც დაიწყება.

„ჩვენ ბევრი ნაბიჯები, მათშორის სამხედრო ასპექტში გადავდგით იმისათვის, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუახლოვდეთ. მაგრამ მინდა პროპაგანდის და ჰიბრიდული საფრთხეები გამოვყო და მოგახსენოთ ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადავდგით.

ჩვენ საერთო სტრატეგიის ფარგლებში ვმოქმედებთ, რომელიც მთავრობამ 2017-2020 წლის ფარგლებში მიიღო, სტრატეგიული კომუნიკაციის სტრატეგიაზე ვსაუბრობ. ამ მიმართულებით, კონკრეტული ინიციატივები გვაქვს. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში გაჟღერებულ მთავარ კონცეფციას აღვნიშნავდი, რომელიც არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ განსაკუთრებულად სტრატეგიულ კომუნიკაციას და უწყებათა თანამშრომლობის მაღალ ხარისხს გულისხმობს.

ჩვენ სხვადასხვა სწავლებები შემოვიღეთ, სადაც არა მხოლოდ სამხედროები, არამედ ჟურნალისტები არიან ჩართულები. უწყებათა თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გასულ წელს დიდგორის სწავლება ჩავატარეთ.

წელს გვაქვს ამბიცია, რომ დიდგორი უფრო მასშტაბური გავხადოთ, სადაც მონაწილეობას მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ. 2 კვირაა სკოლებში აქტიურობა დავიწყეთ პროექტი, რომელსაც “ჩვენი ჯარისკაცი” ჰქვია. რითაც მოზარდ თაობასთან ჩვენს სტრატეგიულ კომუნიკაციას პრაქტიკულად ვუზრუნველყოფთ, რათა მათ ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე, წლების განმავლობაში ნატო-ს ძალებში ჩვენს კონტრიბუციაზე, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და აუცილებლობაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

გვაქვს ამბიცია, რომ საგანი, რომლითაც პილოტ პროექტის სახით წარვდექით, სექტემბრიდან არჩევითი, ხოლო შემდგომ წლებში სავალდებულო იყოს. წელს რეზერვის ახალი კონცეფციის ამოქმედებას ვიწყებთ. როგორც აქტიური რეზერვის ისე განსაკუთრებით სამობილიზაციო რეზერვის, რათა საზოგადოების ფართო ჩართულობა უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი იყოს. ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით, ჩვენთვის ტოტალური თავდაცვის კონცეფცია ერთ-ერთი ამოსავალია. რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას უზრუნველყოფს.

ჩვენ სამი მთავარი პრინციპი გამოვყავით, როდესაც თავდაცვაში რეფორმებზე ვსაუბრობთ. პირველი ნატო-ს მიერ განსაზღვრული შეკავების და მზადყოფნის პოლიტიკაა. მეორე მდგრადობის უზრუნველყოფა და ჩვენი რეფორმებით საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის ნატო-სთან თავსებადობაა“,-განმარტავს იზორია.