ლევან იზორია - გერმანიაში განწყობებისა და კანცლერის განცხადების ფონზე, ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
ლევან იზორია - გერმანიაში განწყობებისა და კანცლერის განცხადების ფონზე, ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტები, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით აქვს.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, საქართველოს ძლიერი პარტნიორის, გერმანიის მხარდაჭერა.

„ელჩების კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცალსახად გაცხადდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით, გლობალური გამოწვევის ფონზე ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ეს პრიორიტეტები თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებით ვახორციელებთ ევროპის საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის, ჩვენი ძლიერი პარტნიორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერას ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ წელს, უმაღლესი დონის ვიზიტებისას, პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა დინამიკა, რომელიც ქვეყანას რეფორმების განხორციელების კუთხით აქვს.

„განსაკუთრებით წელს გვქონდა უმაღლესი დონის ვიზიტები, სადაც იყვნენ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ვიზიტების ფარგლებში დადებითად შეფასდა დინამიკა, რომელიც  რეფორმების განხორციელების კუთხით გვაქვს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როდესაც წარმატებით განვახორციელებთ რეფორმებს. ისტორიული მონაპოვარი, რომელიც გაცხადდა და რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან, უკვე მომავალ წელს კონკრეტული ნაბიჯით იქნება გარდასახული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ განწყობების ფონზე, რომელიც გერმანიაში არსებობს, იმ სტრატეგიული მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ფედერალური კანცლერის მიერ გაცხადდა. მან პრაღაში განაცხადა, რომ ევროკავშირი, ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. მრავალგზის დაასახელა პერსპექტივაში ევროკავშირის 36 ქვეყნის არსებობა, რომელშიც, ბუნებრივია, საქართველოც მოიაზრება. ასე რომ, ეს ორმხრივი სტრატეგიული ძალისხმევა –  როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერების, ხალხის, ისე ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების, გერმანიის კანცლერის  განცხადება იძლევა მყარ, მკაფიო საფუძველს, რომ ჩვენ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მეტ წარმატებას მივაღწიოთ, – განაცხადა ლევან იზორიამ.