ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, ორი მოწვევის პარლამენტისთვის საუკეთესო ვარიანტია 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თუ 3-პროცენტიან ბარიერს დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ, ხუთს სჯობს
ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, ორი მოწვევის პარლამენტისთვის საუკეთესო ვარიანტია 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ თუ 3-პროცენტიან ბარიერს დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ, ხუთს სჯობს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებისთვის ოპოზიციური რესურსია საჭირო.

შესაბამისად, იოსელიანის თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის, რამდენი იქნება საარჩევნო ბარიერი.

ამასთან, იოსელიანი ამბობს, რომ ორი მოწვევის პარლამენტისთვის 2-პროცენტიანი ბარიერი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა 3-პროცენტიან ბარიერსაც დაუჭერს მხარს, რადგან ის ხუთს სჯობს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით რომ გავიდეს, ამას ოპოზიციური რესურსი სჭირდება. ანუ, ოპოზიციური პარტიები უნდა დავეთანხმოთ. ამიტომ, მხოლოდ „ქართული ოცნები“ გადასაწყვეტი არ არის, რამდენი იქნება საარჩევნო ბარიერი. 2-პროცენტიანი ბარიერი არის ოპტიმალური გამოსავალი ამ ეტაპზე. თუმცა, 2,5 ან 3 პროცენტი რომ იყოს გრძელვადიანად, არ მიმაჩნია, რომ რაიმე პრობლემა იქნება.

ორი მოწვევის პარლამენტში 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი საუკეთესო ვარიანტი მგონია. ოპოზიციას ეს ცვლილება რომ არ მოსწონებოდა, მხარს არ დაუჭერდა. გენერალური პროკურორის ჩანაწერი მე არ მომწონდა, მაგრამ მეორე მხარეს უფრო მეტი სიკეთე იდო, ამიტომ ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. თუ 3-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“, მეც დავუჭერ მხარს, რადგან 3-პროცენტიანი ბარიერი 5-პროცენტიანს სჯობს. ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა აირჩიო ნაკლებად კარგი და მეტად კარგი, ამ შემთხვევაში, ნაკლებად კარგის არჩევა მომიწევს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.