ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ წარმომიდგენია, თაღლითურმა ჯგუფმა ქვეყანაში ისე დაგეგმოს ოპერაცია, რომელიც დღგ-ის აქტივებს ეხება, რომ ვერავინ გაიგოს
ვერ წარმომიდგენია, ათეულობით ადამიანმა, დიდმა თაღლითურმა ჯგუფმა ამ ქვეყანაში ისე დაგეგმოს ოპერაცია, განსაკუთრებით, რომელიც დღგ-ის ფიქტიურ აქტივებს ეხება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ვერავინ გაიგოს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსური პოლიციის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, ცალკე შემოსავლების სამსახურის, პრემიერ-მინისტრის, ამ კომიტეტების, პარლამენტის თვალწინ ქვეყანაში ათეულობით მილიონი ლარი იპარება, გამოდის, რომ მართვის კუთხით ძალიან დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ ადამიანები უბრალოდ სიბრიყვის გამო დასაჯო, მაგრამ თუ ამ პროცესს მხარდამჭერი ჰყავს უკვე სახელმწიფო აპარატში, ეს დანაშაულთან ერთად, ტრაგედიაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი უსაზღვროა. მირჩევნია, იყვნენ ბრიყვები, ვიდრე დამნაშავეები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული ვინმე დღგ-ის ფიქტიური აქტივების საქმეზე, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულნი არიან თაღლითები, უშუალოდ კომპანიების წარმომადგენლები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„დღეს მინისტრიც ამბობდა და კი ბატონო, შეიძლება, ამ ფიქტიურ დღგ-ებზე პლანეტის მასშტაბით, სადღაც რაღაც პრობლემები აქვთ სახელმწიფოებს, მაგრამ თუ ამ სახელმწიფოთა მასშტაბს გავითვალისწინებთ, ჩვენგან განსხვავდება, ხომ?! ის დიდი აპარატია, ქვეყანა უფრო დიდია და უფრო მეტი ბიუჯეტია, ჩვენ კი თითო თეთრს უნდა დავსდევდეთ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ბიუჯეტის ერთი პროცენტი მოგვპარონ წლის განმავლობაში. აშშ-ში უცებ რომ აღმოაჩინონ, რომ თავიანთი ბიუჯეტის ერთი პროცენტი დაკარგეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! ისინი მთელ აპარატს ყურებზე დააყენებდნენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორი იყო რეაქცია, როდესაც ფაქტის შესახებ გაიგეს, ანუ როგორ მუშაობს სისტემა.
„მე უნდა ვიცოდე, როგორ მუშაობს სისტემა, რომ მშვიდად ვიყო. მე თუ არა ვარ მშვიდად, ბუნებრივია, ჩემი ამომრჩეველიც არ არის მშვიდად. იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ მათ ინტერესებს. მე მაინტერესებს, საიდან გაიგეს ეს, როგორ გაიგეს და რომ გაიგეს, რა რეაქცია ჰქონდათ; რომ გაიგეს, რა ანალიზი გააკეთეს, რამდენი ხნის განმავლობაში იყო ეს ხვრელი მმართველობაში და ა.შ. მაინტერესებს, რა არის ფინანსური პოლიციის როლი, პროკურატურის როლი რა არის; რამდენად ადეკვატური მართლმსაჯულება ხორციელდება, რამდენად ადეკვატურია პროკურატურა, მაგალითად, ბრალის წარდგენაში და ა.შ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ როგორც ჩანს, სახელმწიფო რაღაცას მალავს.
„მე უკვე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო რაღაცას მალავს. იმიტომ, რომ მარტო თაღლითური ჯგუფი არ არის ამბავი. როგორც ჩანს, ამბავი არიან მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
„მოდით, მარტივად ვთქვათ. ადამიანმა, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით საწყობის გამგედ გვყავს დანიშნული, აღმოაჩინა, რომ თავისი საწყობიდან პროდუქციის ერთი პროცენტი ვიღაცებმა მოიპარეს და დაკარგულია. მინიმუმ, ხომ უნდა წახვიდე?! ეს კი ისევ იქ არის. ეს უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. იმიტომ, რომ არ არიან დამაჯერებელი ეს ადამიანები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.