ბადრი ჯაფარიძე - მანდატებს რაღაც შემთხვევაში თუ გამოიყენებ, ეს ნიშნავს, რომ მასზე უარს არ ამბობ, მალე ვნახავთ, რომ საზოგადოება გამოვა სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით
ბადრი ჯაფარიძე - მანდატებს რაღაც შემთხვევაში თუ გამოიყენებ, ეს ნიშნავს, რომ მასზე უარს არ ამბობ, მალე ვნახავთ, რომ საზოგადოება გამოვა სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით

თუ მანდატებს რაღაც შემთხვევაში გამოიყენებ, ეს ნიშნავს, რომ მანდატზე უარს არ ამბობ, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებას, რომ თუ ბუნებრივი ბარიერის იდეა კანონად იქცევა, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

„ან ამბობ, რომ მანდატები არ გინდა და თუ ვადამდელ არჩევნებზე ვერ თანხმდები, მანდატებს არ იყენებ, ან ამბობ, რომ რაღაც შემთხვევაში გამოიყენებ. ეს ნიშნავს, რომ მანდატზე უარს არ ამბობ. აქედან გამომდინარე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორი რამ ერთმანეთთან ვერ თავსდება. თუმცა, მესმის ხათუნა სამნიძის გულწრფელი სურვილი, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ხელი შეუწყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებაა და თუ ეს შეთანხმება მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ყველა იმ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც ჩვენი შეთანმების სამსახურში იქნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი თანახმა იყო, ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით ყოფილიყო, მაგრამ ამბობდნენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა იყოს.

„ისინი თანახმა იყვნენ, რომ თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირონ და თუ ვადამდელი არჩევნები იქნა, სრულად პროპორციული იყოს, დაბალი, 0-დან 3%-მდე ბარიერით, მაგრამ ამავდროულად ამბობდნენ, რომ ვადამდელი არჩევნები არ უნდა იყოს. ეს არანაირი ლოგიკა არ არის და ჩვენს პარტნიორებს მაგიდის მეორე მხარეს სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ თუ ამას საზოგადოებას ვაწვდით, როგორც მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებას, მაშინ თარიღიც უნდა მივაყოლოთ და მაშინ, ამ შეთანხმებას მართლაც ექნება აზრი. ისინი ამბობდნენ, რომ მზად არიან, დღევანდელი სისტემის ანალოგიური სისტემით ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, რომლითაც 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნება“ თანახმაა, ეს სრულად პროპორციული იყოს, მაგრამ არ გვეთანხმებიან, რომ თარიღზე ახლავე შევთანხმდეთ. მხოლოდ თარიღზე, თორემ იმ ნაწილში შეთანხმებული ვართ, რომ ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული უნდა იყოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვადამდელ არჩევნებზე ვერ მოილაპარაკა, საპროტესტო აქციაზე თვითონ გამოვა და „ლელო“ მის მხარდამჭერებთან ერთად იქნება.

„ჩვენ ძალიან მალე ამასაც ვნახავთ, რომ საზოგადოება თვითონ გამოვა სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი ოპოზიციის მოთხოვნები სრულიად მიუღებლად მიაჩნდა, მაგრამ მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა პრეზიდენტ გამსახურდიას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ვითარებას განმუხტავდა და ოპოზიციის გარეთ, ქუჩაში ყოფნა ძალიან საშიში იყო.

შეკითხვაზე, რამდენად გამართლებულია ის, რომ ოპოზიცია ფსონს ერთადერთ რამეზე, ადამიანების ქუჩაში გამოსვლაზე დებს და პანდემიით გამოწვეული ვითარების ფონზე შეიცავს თუ არა ეს იმდენად დიდ რისკს, რომ ამ მომენტში შეიძლება, თავის არიდება სჯობდეს, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ ფსონი მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების მიღწევაზეა დადებული.

ირაკლი აბსანძემ გადაცემის სტუმარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც ჰკითხა, სჯერა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის, რაზეც ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ეპოქის დასასრულის სჯერა.

„მე მჯერა იმის, რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ეპოქა დასრულდა. იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პარტიიდანაც გადის და მხარდამჭერიც აღარ იქნება, ჩემთვის ეს ქართულ პოლიტიკაში მისი ეპოქის დასასრული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი