ლევან გოგიჩაიშვილი - „რუსთავი 2" და „ქართული მარში“ ორი რადიკალური ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს კვებავს
ლევან გოგიჩაიშვილი – რუსთავი 2″ და „ქართული მარში“ ორი რადიკალური ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს კვებავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2″ და „ქართული მარში“ ორი რადიკალური ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს კვებავს.
ჟურნალისტებთან საუბარში გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ძალადობა „რუსთავი 2“-ის მიმართ იქნება მიმართული თუ სხვის მიმართ, სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა.
„ალბათ, ყველა ადამიანმა საკუთარ საქციელზე უნდა აგოს პასუხი, ყველაფრის ჩასმა გამოხატვის თავისუფლებაში და ამდენი ადამიანის შეურაცხყოფა სტანდარტებზე გადაბიჯებაა.
აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, ამხელა კაცი სანამ პირს გააღებ, უნდა დაფიქრდე, ამას რა შედეგი მოჰყვება. ეს იქედან გამომდინარეობს, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. სრულწლოვანი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ საქციელზე პასუხს აგებენ და სახელმწიფო თავის საქმეს გააკეთებს.
როცა საზოგადოების მიმართ ასეთი სიძულვილი გაქვს, ეს შენი პრობლემაა. ვინც კანონი დაარღვია, სახელმწიფო პასუხს გასცემს, მაგრამ გაბუნიამ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ეთერი სიძულვილს ნერგავს, ყოფილი მერის პირადი შეურაცხყოფა და დაცინვა გაიხსენეთ. ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს, გვარამია რას იფიქრებს. კანონის დაცვა უნდა მოხდეს და ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა თავის ეთიკაზე უნდა აიღონ. ამხელა აუდიტორიას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ, „ქართული მარში“ სავარაუდოდ პასუხს აგებს.
შინაგანი კულტურაც ხომ არსებობს, ბოდიშს იმიტომ იხდი სხვა საშუალება აღარ არის, მაგრამ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანო. ეს ორი რადიკალური ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ერთი “ქართული მარშის” მიმართულების რადიკალია, მეორე იმ მიმართულების არის, რასაც გვარამია, გაბუნია და მასთან ასოცირებული ჯგუფები წარმოადგენენ.
ეს ერთი ჯოხის ორი ბოლოა, რომელიც ერთმანეთს კვებავს. ამ ადამიანებს ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ, ერთმანეთი მოსწონთ და ამ ადამიანებს ისეთ ფარგლებში ვტოვებთ, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.
ამასთან, არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა, თუმცა, გვარამიას თქმით, მისი განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.