„ქართული მარში“ რუსთავის გზაზე აქციას მართავს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღევანდელი შეხვედრის ჩატარების საშუალებას არ მისცემს
„ქართული მარში“ რუსთავის გზაზე აქციას მართავს და აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღევანდელი შეხვედრის ჩატარების საშუალებას არ მისცემს

რუსთავის გზაზე „ქართული მარშის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გზას არ გაუხსნიან.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ საშუალებას, თბილისში დღეს აქცია გამართოს და თითქოს გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ტაშფანდური მოაწყოს. ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, ძალადობა საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაატარებს თავის ტაშფანდურს, მით უმეტეს ეს არის დამნაშავე ძალა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა, დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, გაყიდეს ტერიტორიები, გაყიდეს გარეჯი, გააუპატიურეს საკუთარი მოსახლეობა და ნამუსი ახადეს. დღეს ისინი გეგმავენ, რომ კვლავ მოაწყონ თაშფანდური, თითქოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალაა. „ქართული მარში“ ვაცხადებთ, ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზაზე და ვერ ჩაატარებს ტაშფანდურს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

ამასთან, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, ამ ყველაფერს წინ ინციდენტი უძღოდა. კერძოდ, ბრეგაძე ამბობს, რომ მარნეულიდან, წინასაარჩევნო შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაესხნენ თავს.

„თავს დაგვესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ზონდერები. ჩვენი მანქანების კოლონა მოემართებოდა მარნეულიდან, წინასაარჩევნო შეხვედრიდან. სულ სამი მანქანა. ამ დროს აქ შეგვხვდა „ნაციონალების“ ერთ-ერთი კოლონა, მოხდა შეჯახება ჩვენს მანქანაზე. ორ ადამიანს, ორ ქალბატონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება თავისუფლების მოედანზე დღეს, 18:00 საათზე იგეგმება.