ლევან გოგიჩაიშვილი - მამუკა ბახტაძე ადამიანურად ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან არც მამუკა ბახტაძის წასვლაშია ლოგიკა და არც ახალი პრემიერის მოსვლაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრს რეალური ძალაუფლება აღარ აქვს მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელი აღარ არის.
„მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას. რა ხასიათზეც იღვიძებს, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა. სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუეკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ. რაც გვესმის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ძალაუფლება არც ახალ პრემიერს ექნება. თუ პრემიერი შს მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვერ დანიშნავს, მისი წარმომადგენლები არ იქნებიან, გამორიცხულია, მისი საქმიანობა ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, კაბინეტი სახელებითა და გვარებით, რათა განვსაზღვროთ, ვინ იქნება ახალი პრემიერის გავლენის ქვეშ და ვინ არა. ახალი ცვლილებები იქნება ძველ სახლში ახალი ფარდების დაკიდება. მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ანგარიში არ წარადგინა, რეგლამენტი დაარღვია. ვფიქრობ, ადამიანურად ნაწყენია, რადგან თავის თავში ფიქრობს, რომ არ დაუფასდა. სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მაგას მონობა ჰქვია. ეს არ დაუფასდა და განიცდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.