ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის წევრები ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე დაიწყო, რომელიც ბიუროს სხდომის დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი განცხადებებს აკეთებდა იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა შექმნილი არჩევნების ჩატარებაზე პანდემიის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ძალოვანი უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით. მის გამოსვლას შოთა ხაბარელმა სამარცხვინო უწოდა.

ბიუროზე შელაპარაკების შემდეგ, ლევან გოგიჩაიშვილმა და შოთა ხაბარელმა ბიუროს დარბაზის მიმდებარე ოთახში გადაინაცვლეს. ამ ოთახში შესვლის უფლება მედიას მანდატურის სამსახურმა არ მისცა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განმარტებები გოგიჩაიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

„როცა ადამიანს ეუბნები, მურუსიძის მხარდამჭერი ხარ პარლამენტში, უშიშროება ჩართეთ, არჩევნებშიო და ამის არგუმენტებს ეუბნები, რეაქცია ეს იქნება. ხაბარელი ხან „ნაცებში“ იყო, ხან „ოცნებაში“. ამ ადამიანებმა შეჭამეს ქართული სპორტი. ხაბარელით უნდათ, შეგვაშინონ. ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ აგრესიის მეტი ვერაფერი ვერ შეიძინა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება შოთა ხაბარელს, მან საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რასაც მისი მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვა.