შოთა ხაბარელი - ფეხბურთი უნდა დაფინანსდეს
შოთა ხაბარელი - ფეხბურთი უნდა დაფინანსდეს

სახელოვანი ძიუდოისტი და მწვრთნელი შოთა ხაბარელი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთს დაფინანსება არ შეუწყდება. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ფეხბურთს სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება.

„ფეხბურთს სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება, რადგან მასობრივი სპორტის სახეობაა. მიმაჩნია, რომ თანხები, რომელიც ფეხბურთის განვითარების პროგრამით გამოიყო, საჭირო იყო, რადგან ეს სახელმწიფოს მიერ ფეხბურთისადმი თანადგომას ასახავდა. მაგრამ არასაკმარისად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ამ სახეობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება და დაფინანსება სჭირდება, რადგან ძვირადღირებული სპორტია“, – ამბობს შოთა ხაბარელი.

მისი თქმით, ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს: „საერთოდ, ხელისუფლებას სპორტისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სპორტული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტი გასამმაგებულია. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული, შენდება სტადიონები და ბაზები. ამიტომ თანხები ფეხბურთმაც უნდა მიიღოს, რადგან ეს სახეობა ყველას გვიყვარს და ყველა ვგულშემატკივრობთ. მცდარია შეხედულება, რომ ფეხბურთში დიდი თანხები იხარჯება. ჩვენ ხომ ვიცით, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მასზე რა სახსრებს აბანდებენ“, – აცხადებს ცნობილი სპორტსმენი და მწვრთნელი.

შოთა ხაბარელი ევროპის (გუნდური, 1979 მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონია. ასევე იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1987-1991 და 1997-2009 წლებში. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.