ლევან ჟორჟოლიანი - თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკური ფარისევლობაა
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მშენებლობებთან და საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებზე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს.
მისი თქმით, თბილისის მერმა დღეს განმარტა, რა შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში და ექსპლუატაციაში მიღება ფაქტობრივ გარემოებასთან პროექტის შესაბამისობას ნიშნავს.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის დაერთების საკითხს, დეპუტატის განმარტებით ეს მერიის კომპეტენციაში არ შედის.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში. რთულია ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. 2009 წელს, წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რითაც გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვით სახლებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, მოსახლეობის შესახლება იკრძალებოდა. ასევე, სწორედ წინა ხელისუფლების დროს, 2006 წელს გააუქმეს შრომის უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ, 2014 წელს დავაბრუნეთ ყველა ეს რეგულაცია, გამკაცრდა და ძალაში შევიდა სანქციები, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე , უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევაზე. ოპოზიცია ყველა რეგულაციაზე გვეუბნებოდა, რომ დერეგულირება იყო რეალური გამოსავალი. ახლა კი პირველი მარეგულირებლის როლში გამოდიან. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ფარისევლობა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.